და თუ კიდევ არსებობს ვინმე, ვისაც ჩემსავით უხარია 26 სექტემბერი, მაშინ მე მას დამატებით ვჩუქნი ერთ ღიმილს. არა, ორ ღიმილს. და ორივეს დახუჭული თვალებით.
დღეს კარგად ვარ. მართლა კარგად.
დაწყნარებული, დამშვიდებული, მშვიდი ჰაერის ამომსუნთქველი და ჩამსუნთქველი. მშვიდი ჰაერი როგორიაო, არ მკითხოთ, მეც არ ვიცი. მთავარი ისაა, რომ მჯერა, რომ იგი არსებობს და მთავარია მას გრძნობდეთ. აი ეს ისაა, რომ ჩაისუნთქავ ხარბად და თან თვალებსაც ხუჭავ.
ჯერ კიდევ გუშინ საღამოს ვფიქრობდი, რომ აზრი არ ჰქონდა რაღაც-რაღაცეებზე ნერვიულობას და ვიღაცაზე ფიქრს. მაგრამ დღეს რომ დავფიქრდი, ღმერთს უყვარს ადამიანებთან ხუმრობა. ღმერთს ადამიანების გამოცდაც უყვარს. და მაშინ, როდესაც იგი კარს გვიხურავს, ფანჯარას ღიას ტოვებს. ან თუ ფანჯარაც დაკეტილია, მაშინ ესე იგი ან კარი და ან ფანჯარა ჩვენ თვითონ უნდა გავაღოთ. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც კარგი უნდა ხდებოდეს და არ ხდება. თორემ რაც მოსახდენი არ არის, ის საბოლოოდ არც ხდება.
გუშინ ისევ კამათი, ისევ ნერვების შლა და არც არაფერი. დახურული მეილი. გავიფიქრე, ერთი ამ ჩხუბების დედაც-მეთქი და კომპიუტერი გამოვრთე. არც მიფიქრია, თუ ვინმეს კიდევ გაახსენდებოდა, რომ ქეთევანობა თენდებოდა. არადა თითქოს რიგითი მერკანტილური სისულელეა. არადა მაინც. მე ხომ მერკანტილური სისულელეებზე ყურადღების მიმქცევი ვარ.
დღეს სულ 4-5 ადამიანმა (ფბ-ზე მოლოცვებს არ ვთვლი ამ შემთხვევაში) მომილოცა თავისი ინიციატივით და არა სადმე ამოკითხვით თუ ვინმეს ყურის მოკვრით. და წარმოიდგინეთ რა მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ძალიან კარგი და საყვარელი “მეგამარჯობე” ადამიანი მოდის შენთან საგანგებოდ, რომ შენი დღესასწაული მოგილოცოს. ნახევარი დილა იმაზე ვფიქრობდი, რა საოცარია “მეგამარჯობე” მილოცავს პირველი და არა ის, ვინც “გამარჯობა”-ზე ბევრად მეტია. ის ხმას არ იღებს ამ თემაზე. არადა ვსაუბრობთ მთელი დილაა. მერე მე მომდის თავში უამრავი აზრი იმის შესახებ, რომ დაავიწყდა. არადა რელიგიური დღესასწაულები მგონი ზედმიწევნით იცის, მაგრამ ქეთევანობა დაავიწყდა. ან მოლოცვა დაავიწყდა. ან უბრალოდ არ მოისურვა ლმოცვა. მერე უცებ:
- gmail ნახე?
- არა, საქმეს მოვრჩები და ვნახავ.
რამდენიმე წუთში address bar-ში ვწერ mail.k84u.com, user, password და მოლოცვის მეილი!!! და თან ღამის 2 საათზე მოწერილი. არადა ვიკამათეთ მანამდე რამდენიმე წუთით ადრე. არადა როგორ არ ველოდებოდი. სასწაულად ვიყავი დარწმუნებული, რომ არ დამხვდებოდა. მაგრამ მაგაზე მთავარი იყო ტექსტი. დამამშვიდებელი, მზრუნველი ტექსტი. ალბათ მე რომ კარგად გამიცნო, მაშინ მიხვდა, რომ შაბლონური მისალოცი ტექსტებით დიდად არ ვიხიბლებოდი.
ისე ჩემ თავზე ვბრაზდები, ოღონდ ჩუმად. ვამჩნევ, რომ ღამით უფრო გაღიზიანებული ვარ ხოლმე. დილით უფრო რაციონალურად ვაზროვნებ და ვხვდები, რომ წინა ღამით პატარა ბავშვივით ვიქცეოდი. აი დღესაც ასე დამემართა. ღამით რომ მეუბნება რაღაცას, მესმის, მაგრამ არ ვუსმენ. მგონია, რომ ვეზიზღები (ეს ყოველ მესამე ახლობელ ადამიანზე მგონია ხოლმე). მგონია, რომ მისგან აგრესია და უხეშობა მოდის და ამის გამო მე უფრო ნერვები მეშლება, აგრესიით ვპასუხობ. ის მპასუხობს “კარგი”. და ამ “კარგი”-ში იგულისხმება, “კარგი, მერე დაფიქრდები და მიხვდები, რომ სულელურად მოიქეცი”. მეორე დილით კი მგონია, რომ იგივე ტექსტს სხვანაირად მეუბნება. ალბათ ეგრეცაა. რბილად, თბილად, ახლობლურად, მეგობრულად და მე ისევ ვიცი, რომ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მე ეს მამშვიდებს და მანუგეშებს. აი დღესაც დავმშვიდდი.
საჩუქრის ჩუქება უყვარს ჩემ გარდა ვინმეს??? აი მე იმის ყურება მიყვარს, ადამიანი სახის რა გამომეტყველებით იღებს ხელში ამ საჩუქარს. ატრიალებს, ატრიალებს, ატრიალებს. ათვალიერებს, ცდილობს თითოეული დეტალი შეისწავლოს, მერე დადებს. შენც ღიმიალიანი სახით უყვები ეს რა ნივთია, საიდან მოვიდა და ა. შ. მერე ისევ იღებს, ისევ ატრიალებს. მერე ფიქრობს – სად დადოს, როგორ დადოს, რაში ჩადოს. და შენ უბრალოდ ჩუმად, ხმის ამოუღებლად უყურებ, აკვირდები და გსიამოვნებს მისი სახის სასაცილო გამომეტყველება, ღიმილი. და მე მიუხედავად იმისა, რომ ესეც მერკანტილური სისულელეა, მე ეს მომენტი მაინც უზომოდ მიყვარს.
არადა რამდენიმეჯერ შევეკითხე თქვენი ოთახი რომელ საათზე ცარიელდება-მეთქი და ისეთი დრო მითხრა, ვიფიქრე, ჯანდაბას სახლში გვიან მივალ-მეთქი. ვიფიქრე, ცარიელ ოთახში შევიპარები, უჯრაში ჩავუდებ და მეორე დღეს დახვდება-მეთქი. მაგრამ მერე ვიფიქრე, ზევით აღწერილი მომენტის არ-ნახვა არ შეიძლება და მოდი პირდაპირ მივცემ-მეთქი. არც მინანია.
სასწაულები ხდება ხოლმე წმინდა ქეთევანობაზე.
და იდეაში ალბათ ჩვენ სულ ასე ვიჩხუბებთ. მე ისევ აგრესიული ვიქნები და ის ისევ იტყვის: “კარგი”. მეორე დღეს კი ისევ მეგობრები ვიქნებით. და ალბათ არაფერია ამაში დიდად საგანგაშო, ’cause we are best friends.
პ.ს. სათაურს რაც შეეხება, ჩვენი ზოდიაქოებია გარითმული. კატა ვირთხას დაუმეგობრდა. რა არ ხდება ცხოვრებაში?!
















