წვიმა…
არც კი ვიცი რამდენი რამ მაკავშირებს მასთან.
მასთან მაკავშირებს ყველაფერი კარგი. ნუ, რავიცი, ძირითადად ეგრეა ხოლმე. ცუდი არ მახსენდება რატომღაც. რაც არ უნდა იყოს, მაინც უფრო სასიამოვნოსთან ვაკავშირებ წვიმას. წვიმა მხოლოდ მეტეოროლოგიური და ბუნების ერთ–ერთი მოვლენა არ არის. ამ შემთხვევაში ის ქარს გაუტოლდება. მაგრამ აი ზუსტადაც რომ არ უტოლდება.
ის, რომ წვიმა რომანტიკული მოვლენაა, ამაზე უკვე არავინ დაობს. ამის დასტურად არაერთ სიმღერის ტექსტსა თუ ფილმში უკავია წვიმას მცირე, მაგრამ მაინც როლი. თუმცა რატომღაც ფიქრობს ხალხი, რომ წვიმიან დღეს ან შეყვარებულთან უნდა იყო სადმე მყუდრო კაფეში, ან “აუუუ, რა საშინელი ამინდია, მეზარება სადმე გასვლა, სახლში ვიჯდები თბილად”. მართალი რომ გითხრათ, მე არც ერთ კატეგორიას მივეკუთვნები და არც მეორეს. მე იმ კატეგორიაში ვარ, რომელიც მიიჩნევს, რომ წვიმა რაღაცის კეთებისთვის არის გამოგონილი. და არა იმისთვის, რომ ან კაფეში და ან სახლში იჯდე. წყალი იმიტომ იღვრება ცის კამარიდან, რომ აქტიურობისკენ, მოქმედებისკენ, ენერგიის ხარჯვისკენ მოგიწოდოს. გეცემიან წვეთები იმისთვის, რომ გაუწყონ, რომ ყველაფერი უკეთესადაც იქნება. მთავარია ამისი გჯეროდეს. მთავარია რამე მოიმოქმედო.
მე, იმის გათვალიწინებით, რომ თევზები ვარ და ანუ წყლის ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული, წყალი არანორმალურად მიყვარს. მართლა არანორმალურად. ვერ წარმომიდგენია დღე რამდენიმე ლიტრი წყლის დალევის გარეშე. თან ცივი!!! თბილ წყალზე გულისრევის შეგრძნება მეუფლება. ამიტომაც ვერ ვიტან გაციებას, რომ ცივ წყალს ვერ ვეკარები და სვი მერე ჩაიდნის წყალი.
რამდენი რამ გამიკეთებია წვიმაში…
მიცეკვია ფეხების კვეთამდე…
მირბენია სულის დაკარგვამდე…
მივლია ქოლგის გარეშე…
ცისთვის მიყურებია თვალების ტკივილამდე…
მაგიტომაც მიყვარს მარტი და ნოემბერი…
წვიმიანი თვეებია და იმიტომ…