გენერალური დალაგება ანუ სენტიმენტალური მე

შაბათ–კვირა რომ მართლაც 2 უიდეალურესი დღეა დალაგებისთვის, ამაში დღეს, ანუ კვირას დავრწმუნდი.
მოკლედ, მე და დედაჩემმა გადავწყვიტეთ, რომ ის სეკრეტერი დაგველაგებინა თავიდან ბოლომდე, სადაც ეს ჩემი კომპიუტერი არის შედებული.
მართლა შედებულია, ანუ მაგიდაზე არ მიდევს, როგორც ალბათ უმეტესობას.
გვიდგას ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის ნაქონი ძველი სეკრეტერი, რომელიც ამ უკანასკნელებს ლაგოდეხში ედგათ 40 (!!!) წლის განმავლობაში. მერე ისინი თბილისში დაბრუნდნენ ისევ და ყველა ავეჯი ჩამოიტანეს აქ. მათ შორის ეს სეკრეტერიც. მერე დედაჩემმა და მამაჩემმა გადაწყვიტეს, ბარემ იმათ ბინაში ადგილი აღარ არის და მოდი აქ დავდგათ, ჩვენთანო. ასე აღმოჩნდა აღნიშნული ავეჯი ჩვენთან. სადღაც დაახლოებით 10 წლის წინ, თუ არ მეშლება. მერე კომპიუტერიც შევიძინეთ 2005–ში მგონი. ხოდა კომპიუტერის ადგილი რომ აღარ გვქონდა, გადავწყვიტეთ ამ სეკრეტერში შეგვესახლებინა.
ასეც მოვიქეცით.

ვინც არ იცის როგორ გამოიყურება სეკრეტერი – ეს არის ნახევარკარადა ანუ ორსართულიანი კარადა. რომელთაგან ზედა ნაწილი იღება და იხურება ზევიდან ქვევით კარის ჩამოწევით, სადაც ამჟამად მონიტორი, დინამიკები და ბასი დევს. ხოლო ქვედა ნაწილი იღება როგორც ჩვეულებრივი კარადა – ანუ მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით.
მთელი ამდენი წლის განმავლობაში რაც კი რამე შესაჩურთი მოგვეპოვებოდა მე და ჩემს დას, ყველაფერს ამ ორ სართულზე ვდებდით. ამ საქმეში განსაკუთრებით ჩემი და აქტიურობდა.
დედაჩემმა არაერთხელ გვთხოვა ამ ნახევარკარადის დალაგება, მაგრამ მაგას სიკვდილი გვერჩივნა ორივეს და დედას ფრაზით: ხო, დავალაგებ”–ით ვიშორებდით.
არვიცი რა მოხდა დღეს ჩემს ტვინში ისეთი, რომ სასწაულად მომინდა დალაგება.
გამოვალაგე მთელი 2 სართული.
ვიღაცისთვის ეს ალბათ მართლა არაფერია, იმდენად შრომისმოყვარეა, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც დიდი ამბავი იყო.
ისტორიის სახელმძღვანელო მე–10 კლასი…
ფიზიკის სახელმძღვანელო მე-10 კლასი…
ქართული ლიტერატურა მე-10 კლასი…
რუსული ლიტერატურა მე-9 კლასი…
ჩემი დღის პირადი დღიური, რომელშიც წერდა 1995-2000 წლებში…
გერმანულისა და მათემატიკის წიგნები და რვეულები…
“გოეთე”–ს წიგნები…
ჩემი ნახატები, რომლის ჩარჩოში ჩასმა და ოთახში დაკიდება ისევ ოცნებაა ჩემი…
გუაშები, ფუნჯები, სახატავი ფურცლები…
ქართული გრამატიკა მე-6 კლასი…
ჩემი სურათი 10 წლის ასაკში…

ჩემი დის უამრავი Cosmopolitan–ი…
2003…
1998…
1996…
2004 წლისები…
ჩემი დის უამრავი სამკაული, რომელიც დარწმუნებული ვარ, საერთოდ აღარც ახსოვს…
მისივე კოსმეტიკის არაერთი ნაწარმი…
მისივე სამედიცინო ლიტერატურა…
მისივე იურიდიული ლიტერატურა…
სერტიფიკატები…
იმდენი ძველი ნივთი…
იმდენი…
ყველაფერი გამოვალაგე, ერთად ვისხედით მე და დედაჩემი, უზარმაზარი ტომრის მაგვარი პარკი ავავსეთ ნაგვით. თურმე რამდენი ხარახურა იდო ამ სეკრეტერში. არადა ერთ დროს როგორ საჭირო იყო ეს ნივთები.
ძალიან ბევრი ნაგავი გავიტანეთ.
დაახლოებით 2–3 საათი მოვუნდით ამას.
ამ დროს საზამთრო გამოიღო მაცივრიდან და დამიძახა, შემომიერთდი, ცივიაო.
დავსხედით და დავიწყეთ საუბარი.
ისეთი სასწაული ნოსტალგია შემომაწვა.
უსასწაულესი.
ისე მალე გადის დრო, ისე.
რომ მართლა გული მწყდება ძალიან ბევრ რამეზე.
ახლა რომ ვუფიქრდები, საერთოდ რა გვინდა, რისთვის ვჩნდებით?!
ილია ვეკუას, რომელიც 60 წლის ასაკში ფილტვების სიმსივნით გარდაცვლილა, აღსასრულამდე რამდენიმე ხნით ადრე უთქვამს, პოტიკია ეს ცხოვრებაო.
პოტიკი – მეგრული სიტყვაა და არც ვიცი როგორ ავხსნა. ანუ შრომა, ჯაფა, გარჯა, წვალება, სულ რომ რაღაცას “ჩალიჩობ”, რომ რაღაც მცირედს მიაღწიო. ცხოვრება, როგორც ციყვი გალიაში, გამუდმებულ რუტინაში.
გული ჩამწყდა კიდევ ერთხელ. ვცდილობ ხოლმე, რომ სიკვდილსა და სიბერეზე არ ვიფიქრო ხოლმე, მაგრამ არ გამომდის. ტირილი მომინდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ იცოდე როგორ მიჭირს ამ სეკრეტერის ლაგება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ლაგება მეზარება, არამედ იმიტომ,რომ უამრავ რამეს მახსენებს ბავშვობიდანმეთქი. შემომიბრუნდა და მითხრა, აბა ახლა მე მკითხე რამდენს მახსენებს, თან შენ მაინც წინ გაქვს მთელი ცხოვრებაო. ცრემლი ძლივს შევიკავე.
წინა დღეს ბუსუნას ბლოგში შევედი, იმასაც სიკვდილზე დაუწერია. არ წამიკითხავს, ვიცოდი, ცუდად გავხდებოდი. მიჭირს ხოლმე ამ თემაზე საუბარი და ფიქრი უფრო.
რა თემაზეც არ უნდა ვფიქრობდე, ბოლოს მაინც სიკვდილამდე მივდივარ. თითქოს ესაა ნებისმიერი სასაუბრო თემის ბოლო აკორდი. ძნელია.
მერე კომპიუტერის აბსოლუტურად ყველა კაბელი, რაც კი რამე აბია, გავწმინდა. ხარისხიანად. მთელი 4 წლის მტვერი ზედ ედო. ახლა UPS-დან დაწყებული მაუსით დამთავრებული, ყველაფერი ბზინავს. ნუ შეიძლება არ ბზინავს, მაგრამ მე ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გავწმინდე. “შენ მართლა საღოლ”–იც კი დავიმსახურე ადამიანისგან, რომელიც სულ იმაზე მაძლევს შენიშვნას, როგორ არ გიყვარს სახლში რამის კეთებაო.

მერე ისევ Mr.M–ი ამომიტივტივდა. საერთოდ აღარ ვარ მასზე გაბრაზებული ან ნაწყენი. ცხოვრება ისეთი მოკლეა, რომ არ ღირს ვინმეზე გაბრაზებული იყო. მერე ისევ მე დამწყდება გული. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში არ ვიცი ის რას ფიქრობს, ის მაინც ვიცი, რომ დამნაშავედ მე არ მიმიჩნევს და ჩემთან გატარებულ დროს ძალიან კარგად იხსენებს. ანუ ადამიანი ერთი თვის მანძილზე მაინც გავაბედნიერე ჩემი დიდი სითბოთი. ანუ ისიც ვიცი, რომ მე საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. ძალიან დიდი სიყვარული გავეცი და გუშინდელისგან – წინა პოსტის დაწერის დღისგან და 11-18 ივლისისგან განსხვავებით დღეს საკუთარი თავით ვარ წარმოუდგენლად კმაყოფილი. შეიძლება ცოტა არ იყოს და თავხედური და ამბიციური განცხადებაა, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემიყვარდა, რადგან შემიძლია სიყვარული. მიუხედავად იმისა, მაწყენინეს თუ არა. და ეს მე სასწაულად მაბედნიერებს. სიყვარული ყოველთვის შემეძლო მაგრამ ახლა უფრო დავინახე ეს, რადგან ასე გული ჯერ არ მტკენია და ასე ძლიერ არ განმიცდია.
“მე მიყვარხარ და სულ მკიდია შენ რას გრძნობ”–ის პრინციპი 100%–ით მუშაობს. არადა თავის დროზე Mr.M–მა მითხრა რა ცუდი ფრაზაა, როგორ უნდა გეკიდოს, მე ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ადამიანი რას ვგრძნობს შენს მიმართო, მაგრამ ასეა და რა ვუყო?! დედა ტერეზას უთქვამს თურმე, მაშინ ხარ კარგი ადამიანი, როდესაც ვიღაცას სიკეთეს უკეთებ და საპასუხოდ არაფერს ელოდებიო. მართლა არ მაღელვებს იმას რა გრძნობა ამოძრავებს ჩემს მიმართ, მე მას მაინც უდიდეს პატივს ვცემ ყველაფრის გამო. თუნდაც იმის გამო, რომ ტკივილი მომაყენა. ამით მე გამოცდილება შემმატა და ბევრი რამ მასწავლა. რაღაც მომენტში ვიფიქრე უფრო მკაცრი გავხდებიმეთქი ადამიანების მიმართ, მირჩია კიდევაც რამდენიმემ, აწი ასე ერთ კვირაში არ შეიყვარო ადამიანიო, მაგრამ ხომ ვიცი, არ გამომივა. უბრალოდ არ გამომივა.თუ რამე შევამჩნიე საკუთარ თავში, რატომ შევიკავო?! იმან იკითხოს, ვინც არ დამიფასებს და არ დაინახავს, თორემ მე რა. დიდი–დიდი 1–კვირიანი ცრემლები. თუ რამე აღმოვაჩინე ადამიანში პლუსი, უკვე გული სხვანაირად მიცემს ხოლმე. არ ვარ ბოღმა. და ეს ერთი კვირა რომ ვიყავი,ზუსტად ეგ იყო მიზეზი ჩემი ტირილებისა და შუშანიკობისა.
ახლა როგორ ვაფასებ მის საქციელს??? ისევ ისე, როგორც წინა პოსტში. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვნსჯი და აღარ ვბრაზდები. ასე იყო საჭირო, რადგან მოხდა. სასწაულად ვიღიმი მთელი დღეა და თვალწინ წარმოდგენას ვდგამ, თითქოს მთელი მისი სამეგობრო და მე ერთად ვართ და რაღაცაზე ძალიან ბევრს ვიცინით. და მართლა უზომოდ ბედნიერი ვარ. ბედნიერად მახსენდება მასთან გატარებული ესა თუ ის მომენტი. მიხარია, რომ ამდენი ახალი ადამიანი გავიცანი და იმედს ვიტოვებ მათთან მექნება ძალიან თბილი ურთიერთობა. ისიც მინდა, რომ Mr.M–თანაც კარგ დამოკიდებულებაში ვიყო, მინდა ამ დღეებში შევხვდე და ვუთხრა, რომ არ ვარ მასზე ნაწყენი, ჩემი ხელით დავუბრუნო ფსალმუნი და არა ნათიას საშუალებით. ვუთხრა, რომ მე მისი კეთილისმსურველი ვარ და ყველგან კარგად მოვიხსენიებ. და ყველაფერს კარგად გავიხსენებ. ვიცი,საშინლად მოერიდება ჩემი და თავს დახრის ისევ ისე, როგორც შაბათს დახარა, მაგრამ არაუშავს,უშეცდომო არავინაა.
დილის 7–ის ნახევარია, წავედი “გავთხარე ლოგინი” როგორც ერთი ფორუმელი იტყოდა, 2 საათში უნდა ავდგე.

Advertisements

7 thoughts on “გენერალური დალაგება ანუ სენტიმენტალური მე

  1. @Roisin – რავიცი ვიცი?! 😀 😀 :D@Keti – უი ხო, ახლა დავუკვირდი სახელს. ხო, მართლა იმდენი ნივთი იდო ძველი, რომ ნოსტალგია შემომაწვა. მადლობა ქეთ. :*

  2. აუ, ეს სეკრეტერი სახელს ამართლებდა თურმე :))ძველი ნივთების "აღმოჩენა" ისე საინტერესოა ხოლმე. ისეთ მომენტებს გაგახსენებს, საერთოდ გადავიწყებულს..ჰოდა დროის შეგრძნებაც მძაფრდება: "რამდენი დრო გავიდა", "თურმე მაშინ რას ვწერდი"… მოკლედ, მეც გამომიცდია :))მომეწონა შენი ამდენხნიანი ისტორიის მქონე სეკრეტერის ამბავი 🙂

  3. ჰოოო…ეგ კარგია:)) და ისიც რომ დაგელაპარაკა:჻ იმასაც ქონია სულიერებაში რაღაც, ჩემი ნაცნობისგან განსხვავებით))GOOD!!

  4. @Roisin – კი, ვიპოვე. მეტიც, ვნახე კიდეც და დაველაპარაკე. @Natalia – ხო, ეტყობა. 🙂

  5. დედა ტერეზაზე ეს ფრაზა გამახსენდა – kindness is loving people more, than they deserve 🙂 ეს ბავშვობის ნოსტალგია გადამდებია თუ რა ხდება? ამ ბოლო დროს სულ მასე ვარ მეც..

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s