back to Tb

კვირა დილა…
კიარადა ჯერ შაბათი ღამე.
ზუგდიდი.
ცხელი შხაპი მივიღე.
ძალიან მციოდა.
წვიმები თითქმის გაუთავებლად.
ზოგჯერ ნოემბრის და არა აგვისტოსი.
გაყინული შევედი ცხელი ჭავლის ქვეშ.
უფრო გასათბობად, ვიდრე დანიშნულების გამო.
რომ შევდივარ, მერე გამოსვლა აღარ მიყვარს.
თბილად ვარ. თან საშინელი მცივანა ვარ.
გამოვედი, პატარა ჩანთა ჩავალაგე.
ჩემოდანსაც რომ ვერ უწოდებს კაცი.
ოთახში წამოწოლილი დედაჩემის შენიშვნა.
“მაინცდამაინც ღამის 1 საათამდე უნდა მოგეტანა ჩანთის ჩალაგება” და ა.შ.–ები.
კოღოები სადაც ნაკლებია, იქ ვწვები.
ანუ ზალაში, ტახტზე, თუმცა ლოგინის მხრივ პრეტენზიული არ ვარ. მთავარია სიგრძით ვეტეოდე.
და სიგანის ნაკლებობასა და მოუხერხებლობას ავიტან.
ღამის 2–ის წუთები.
3 საათში უკვე ფეხზე უნდა ვიყო.
ბიძაჩემს მანქანით მოვყავართ მე და დედაჩემი.
როგორი ბიძაა არ მკითხოთ. ბაბუაჩემის ბიძაშვილის შვილია,დედაჩემი ბიძაშვილად მიიჩნევს, და მეც – ბიძად. საერთოდ სამეგრელოში სულმთლად ყვავი ჩხიკვის მამიდა რომ იყოს, მაინც ვახლობლობთ, თუ ვიცით, რომ რომელიღაცა ჩვენი წინაპრის ვიღაც იყო.


ვწვები…
ვიცი, რომ უნდა დავიძინო, რადგან 3 საათია ადგომამდე.
და დილის 11 საათზე სამსახურში გასაუბრებაზე უნდა ვიყო.
არვიცი როგორ მოვასწრებთ თბილისში ისე ჩასვლას, რომ 11–ზე უკვე გასაუბრებაზე ვიყო.
დაგვიანებაზე საუბარიც არ არის.
მაგრამ მაინც ტელეფონს ვიღებ მაგიდიდან.
100%–ით დატენილ ტელეფონს.
და ვიწყებ Twilight–ის კითხვას…
კიარადა ვაგრძელებ.
ჯანდაბა!!!
აზრი არ აქვს, ძალიან გვიანია, “ნარკომანის თვალებით” მისვლა კი იქ არ მინდა.
ვდებ ტელეფონს და ვხუჭავ თვალებს.
და თითქოს 5 წუთში მესმის ჩემი ტელეფონის საშინლად უსიამოვნო და გამაყრუებელი ხმა.
ვტრიალდები და კარებზე ვუკაკუნებ დედაჩემს.
“ხო, მღვიძავს უკვე.”
მე ძილს ვაგრძელებ, თუმცა მალევე დედაჩემი შემოდის ზალაში.
“ადექი, მალე უნდა გავიდეთ, სოსო სადაცაა მოვა.”
დაჰიპნოზებული დავდივარ ოთახებში, აბაზანას ვეძებ.
წყლის შესხმა, კბილების გამოხეხვა, ლინზები…
ყველაფერს ვაკეთებ, მორჩა, მზად ვარ.
ჩაი მინდა ნახევარი ჭიქა მაინც.
“ვაიმე, შენ უკვე აქ ხარ?! ახლავე ჩამოვდივართ.”
ჯანდაბა, ჩაისაც ვერ ვასწრებ, მაგრამ მირჩევნია დროზე გავიდეთ.
მივდივართ სენაკში, კიდევ ერთი მგზავრი უნდა დავიმატოთ, მე და დედაჩემი უკან ვსხედვართ.
დედაჩემი არვიცი და მე საშინლად ვზივარ, შუაში ბიძაჩემის გრძელი, სპორტული ჩანთა მიდევს, რის გამოც ვერ ვეტევი. თან მცივა, მაგრამ მერიდება რამე რომ ვთქვა.
სენაკი დილის 5 საათზე.
რატომღაც მეგონა, რომ უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.
მაგრამ სოფლის და ზოგადად საქართველოს პირობაზე არაჩვეულებრივია.
გალამაზებული, მოვლილი, დახვეტილი.
ძალიან მომეწონა.
თვალებს ფართოდ ვახელ და ვამჩნევ, რომ რაც კი სახლი დგას, აბსოლუტურად ყველა აგურისაა, წითელი აგურის. და ყველა ეს სახლი თითქოს ერთნაირია და ლამაზი, მყუდრო.
არის კორპუსებიც და ანუ შესაბამისად ბინებიც.
რომ არ ვიცოდე, რომ სოფელში ვარ, ვერაფრით ვერ დავიჯერებ.
თვითონვე მიკვირს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის არის პატარა საყვარელი ქალაქი.
თეატრიც გარემონტებული, შადრევნები ლამაზად მოპირკეთებული.
აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ასეთ პატარა ტიპის ქალაქში, ოღონდ თბილისთან ახლოს.
აი მაგალითად სადმე ბაგებში რომ იყოს.
და თავისი რომ ჰქონდეს ამ ქალაქს ყველაფერი.
მმართველობა (გამგეობის ტიპის)…
სადგური (ისეთივე მოწესრიგებული, როგორიც სენაკისაა)
კულტურული ობიექტები (კინო, თეატრი, საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო დარბაზები)
მაღაზიები (ჯეოსელისა და მაგთის მაღაზიები დავინახე, ანათებდნენ, დანარჩენები არის თუ არა, არვიცი, დილის 5 საათზე ისედაც დახურული იქნებოდა.)
მგზავრი მალევე გვიჯდება და ჩვენც გამოვდივართ. იქვე ვგრძნობ ბორბლებქვეშ რკინებს, ეს რელსებია. მე ვხვდები, რომ ისევ ჰიპნოზში ვარ და ამიტომაც მინდა დავიძინო. მაგრამ საშინლად მოუხერხებლად და ვიწროდ ვზივარ. მინდა, რომ მძღოლმა თავისი სკამი გაწიოს, მაგრამ ეგეც მერიდება, არადა ფეხები არ მეტევა. მე მაპატიეთ, მაღალი ვარ.
თავად მგზავრი კი რასაც ჰქვია “ჯგარჯგალა” მეგრელი. ჯგარჯგალი როგორ არის ქართულად, არვიცი. საუბარი კი არა, აი რაღაც ძალიან უსიამოვნო საუბარი, რომელიც ყურს გიხვრიტავს. ტან სენაკური მეგრული მაინც უფრო სოფლურია, ვიდრე ზუგდიდური, ფოთური. საშინელი აქცენტით, მახვილებითა და ინტონაციებით.
მინდა ვუთხრა: “ჭიჭე ხანს გაჩენდ, ვე შემლებ თეზმა დო თეცალь ჯგარჯგალь” (“ცოტა ხანი გაჩერდით, არ შემიძლია ასეთი და ამდენი ლაყბობა)
მაგრამ მე ისევ ხმას არ ვიღებ.
ვიღებ ფოტოაპარატსა და სურათებს, მიყვარს ის გძელი ხეივანი.
იქითაც რომ ჩავდიოდი და ამ ხეივანში შევიდა ავტობუსი, რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.
სურათები ულამაზო გამოდის, რადგან მანქანა ჩქარა მიდის.
თეთრად რაც მოსჩანს, ის წესით მაღალი, თეთრი ლამპიონებია.




ვხვდები, რომ ამ კაცზე დროს ტყუილად დავკარგავ და აჯობებს, დავიძინო.
მარჯვენა ხელისკენ გვერდულად ვიხრები ნახევარი ტანით და ჩემოდანს ვაწვები ზემოდან. დედაჩემიც რაღაცას მაძლევს მოსახურს, დასაფარებელს. მცივა და იმიტომ.
არვიცი როგორ, მაგრამ მეღვიძება. გავჩერდით.
“სად ვართ?” – ისევ დაჰიპნოზებული სახის გამომეტყველებით ვიყურები ხან აქეთ, ხან იქით.
“ქუთაიში ვართ,საჭირო ოთახში ხომ არ გინდა? “
“არა” და ისევ ცალი გვერდით ვემხობი”
ცოტა ხნის მერე ისევ.
“სად ვართ???”
“გორში”
“ვაა, რა მაგარია ასე მალე. კიდევ რამდენი დარჩა???”
“დაახლოებით 1 საათი”
პასუხის შემდეგ იგივე პოზაში ვთავსდები, მაგრამ ვგრძნობ, რომ წელი, ზურგი და კისერი ძალიან მტკივა. კაცმა არ იცის რამდენი საათი ვწევარ ასე მოღრეცილი, ერთ მხარეს გადაწოლილი. მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო.
დედაჩემი მაჯანჯღარებს.
“ქეთუნა გაიღვიძე, უკვე თბილისში შევდივართ.”
ვიხედები ფანჯრიდან და ტრასას ვცნობ უკვე მშობლიურს.
“ხო კაი”
და ისევ ვიძინებ.
ისევ დედაჩემი.
“გაიღვიძე უკვე, რა წესია, საკმარისია ნუ.”
წარბებს ვღრიცავ უკმაყოფილების გამოსახატავად.
ვაა, უკვე გაგარინის მოედანი.
არადა თითქოს რამდენიმე წუთით ვიძინებდი, მაგრამ აჰა.
არადა მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ ძალიან მალე ჩამოვედი. იმიტომ, რომ ძილი არ მეყო და ჩემის მოკლე ჭკუით ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მეძინა. არადა 5 საათი გამოვიდა. 5–დან 10–მდე.
ვიღვიძებ და ილიასი არ იყოს, “ოყრაყული” სახით ვიყურები. უკვე ჩემი ქუჩა.
იმაზე ათჯერ მეტად დანგრეული და გადათხრილი, ვიდრე წასვლამდე.
უბანიც ისეთი, როგორიც დავტოვე თითქოს.
11–ის 20 წუთია და სახლში შევდგით ფეხი.
11–ზე კი იქ უნდა ვიყო…
გიჟივით ჩავიცვი ოფიციალური ტანისამოსი და გავქანდი.
ამანაც დრო წაიღო.
ვერ მოვასწრებ, ტაქსით უნდა წავიდე.
მივედი, მძღოლს ფული გავუწოდე, საათს დავხედე, ზუსტად 11.
შევედი, ვიკითხე ის ადამიანი, ვინც უნდა გამსაუბრებოდა.
ამიშვეს ზევით და ისიც გამომესაუბრა.
“უი შენ ხარ ქეთი??? რამდენიმე წუთი შეგიძლია დამელოდო???”
“დიახ, რათქმაუნდა” და ღიმილი.
დავჯექი მოსაცდელში და ვცდილობ გარემო დავათვალიერო.
მაგრამ უხერხულად, რადგან პირველად ვარ აქ და თან მგონი ვკვდები შიმშილისგან.
წინა დღეს, ზუგდიდში რომ ვისადილე, იმის მერე ლუკმა არ ჩამიდია.
ანუ შუადღის 3–4 საათიდან მეორე დღის 11 საათამდე მშიერი ვარ.
რა “მეგასაუბრება”???
მაგრამ კარგი, ვითმენ as always.
ამოდის თემო…
კიდევ კარგი ერთადერთი ნაცნობი.
ძალიან თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი.
ჩემი ამბებით დაინტერესდა და მეც მოვუყევი რა და როგორ იყო.
მერე ისევ სკამზე ვჯდები და ველოდები.
უკვე იმდენ გასაუბრებაზე ვარ ნამყოფი, რომ საკუთარ თავზე ვხუმრობ უკვე.
“თუ სადმე გასაუბრებაა საჭირო, მე დამიკავშირდით
ეს მე–6 გასაუბრებაა უკვე. თანაც ერთი და იგივე სამსახურში. ერთი და იგივე პოზიციაზე.
ამასობაში ინტერვიუერი მოდის, ერთ–ერთ კოლეგას უხმობს და გასაუბრება იწყება.
“აბა მოგვიყევი შენს შესახებ”
ყველანაირ კითხვას ველოდი და ამას არა.
საშინლად მეზიზღება რაღაცის მოყოლა.
რაიმე უბრალო ამბავსაც რომ ვყვები ხოლმე, იმასაც ისე არეულად ვყვები, რომ მე თვითონ ვერ ვგებულობ სად იყო თავი და სად იქნება ბოლო.
ბლოგშიც ანალოგიურად არეულად და გაუგებრად ვწერ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია ნორმალურად.
სასწაულად დავიძაბე.
გოგო და ბიჭი მიყურებენ მომღიმარი სახეებით, მე კი ვცდილობ “ჩემს შესახებ”–ი აზრებად შევკრა, აზრები – სიტყვებად, სიტყვები – წინადადებებად, წინადადები – გადმოვცე. თანაც გადმოცე ისე, რომ მათ მეც მოვეწონო, ჩემი “ჩემს შესახებ”–იც, ჩემი გადმოცემის უნარიც და საუბრის მანერაც.
“ღმერთო, კითხვებს რატომ არ მისვამენ??? ნეტავ კითხვები დაესვათ” – მწარე აზრი მიტრიალებს თავში. მინდა იატაკი გასკდეს, რომ ჩავვარდე და ამოვისუნთქო;მინდა ავორთქლდე;მინდა ვინმემ კარი შემოაღოს და რომელიმეს დაუძახოს. მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი ხდება.
“პირველ რიგში მე ვარ ქე…” – ვიწყებ.
მაგრამ ჩემი აზრები სრულიად სხვაგან არიან,ვნერვიულობ, რომ არ შემიძლია საუბარი.
შიგნით მუცელი მტკივა.
რადგან უჭმელი ვარ.
წელი მტკივა.
რადგან გზაში ცივი ჰაერი მიბერავდა მანქანის უკანა სკამიდან.
ზურგი და კისერიც მტკივა.
რადგან საშინელი მოღრეცილი მეძინა მთელი გზა.
თვალები მტკივა.
რადგან რასაც გზაში ვაკეთებდი, იმას “ძილი” არ ერქვა. მაგას “მაზოხიზმი” და “სადიზმი” ერქვა.
საუბარი გრძელდება.
კიარადა, რა საუბარი.
გრძელდება ჩემი მონოლოგი.
ძლივს მეშველა და ბიჭმა კითხვეის დასვა დაიწყო.
მეც ცოტა ამოვისუნთქე.
“თემოს საიდან იცნობ???” – გამჭოლი მზერით მეკითხება. თითქოს მისი თვალებში იკითხება – “თემოს რა პონტში იცნობ???
მეც თითქოს საკუთარი თავის გამართლების მიზნით ვეუბნები სად და როგორ გავიცანი თემო.
ორივე საკმაოდ კეთილგანწყობილია ჩემს მიმართ, მაგრამ მე ძალიან დაძაბული ვარ და ვნერვიულობ. მეშინია, ამან ცუდად არ იმოქმედოს ამ ყველაფერზე.
“კარგი ქეთი, მე რამე განსაკუთრებული ჩამჭრელი შეკითხები არ მაქვს.”
ოფიციალური ღიმილი, თითქოს ხუმრობაა და “არა, რა სისულელეა.”
“ჩვენ კიდევ 1–2 გოგოს გავესაუბრებით და თუ რამეა, თეო(ის გოგო, ვინც მე დამიკავშირდა ზუგდიდში) შემოგეხმიანება.)ამას სადღაც ორი დღე დასჭირდება სასიამოვნო იყო შენი გაცნობა.”
ისევ ღიმილები.
წამოვედი. წავედი ძველ სამუშაო ადგილას. იქ ძალიან თბილად დამხვდნენ. თურმე იქაურ თანამშრომელს გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია. ვეუბნები, რომ ძალიან ვნერვიულობდი. იქ კი ჩემი ორივე ინტერვიუერი აქეს, არ არიან ისეთები, როგორიც მე მეგონა.
იგივე დღე. საღამო. კომპიუტერთან ვზივარ.
ზარი. თეონა.
“ქეთი, ზეგიდან უკვე ივლი.”
ამოვისუნთქე.
ხოდა დავდივარ.
არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი სიტუაცია, სიმყუდროვე, სიწყნარე. არ მიყვარს ყაყანი, ადვილად ვიღლები და ვღიზიანდები, და გულიც მიცრუვდება. აქ კი ისეთი სიწყნარეა, ისეთი…
შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და იმან ატეხოს ერთი ამბავი, იხმაუროს, ალიაქოთი დააყენოს, მაგრამ მე სხვა სიწყნარეზე მაქვს საუბარი. მშვიდი და წყნარი, კეთილგანწყობილი სიტუაცია სუფევს და თავს ძალიან კარგად გრძნობ.
როდემდე???
სანამ ის გოგო, რომელიც 2 დღის წინ გავიცანი, დეკრეტიდან არ გამოვა. ანუ 4 თვე.
4 თვის მერე რა იქნება, არვიცი.

Advertisements

7 thoughts on “back to Tb

  1. ხო, "ჯგარჯგალი" მართლა რარაც "ისეთია" რა. მადლობა, 4 თვე ვმუშაობ და მერე რა იქნება არვიცი.

  2. ჰეჰ, ჯგარჯგალის ფენომენს მხოლოდ ისინი გაიგებენ, ვინც მეგრული იცის :Dშენ კიდევ, გილოცავ სამსახურს 🙂

  3. არც შემწყდარა და არც დამთავრებულა…დროებით არ მცალია მაგისთვის. თორემ აუცილებადლ გაგრძელდება. 🙂

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s