To my mom

წერილის მიწერა საკუთარ მშობლისთვის რთულია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გინდა–არ გინდა მასზე ხარ დამოკიდებული და მასთან ხარ დაკავშირებული. მე ჩემზე რომ ვამბობ, ეგ ერთი საკითხია. თუმცა მერე, პოსტ–ფაქტუმ რომ ვუფიქრდები, მაინც თურმე დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს. იდეაში ადამიანი როდესაც სრულწლოვანი ხდება და ამას პლუს, მშობლების სახლიდან მიდის, მას უკვე მკაფიოდ აქვს გათვითცნობიერებული, რომ მარტოა და მშობელზე აღარ არის დამოკიდებული. არასრულწოვანებას გავცდი უკვე საკმაო ხანია, თუმცა მშობლების სახლს კი – ვერა. თუმცა ღრმადპატივცემულის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე არც სრულწოვანებაშია და არც სახლიდან წასვლაში. არ ვიცი წერილის წერა როგორ დავიწყო. ან როგორ დავწერო წერილი, რომელიც ადრესატამდე არასოდეს მივა. თუნდაც ადრესატი გვერდით ოთახში იყოს.
წერილს გწერ და ვფიქრობ რა როგორ მოგწერო. მე მშია, ახლა სამსახურში ვზივარ, ცოტათი მცივა და ვორდის დოკუმენტში ვწერ ბლოგისთვის წერილს. კიარადა შენთვის. კიარადა ნუ ხო. ვორდის დოკუმენტში რომ ვწერ პოსტს, პირველად ხდება. არასოდეს მიქნია ეს და საკმაოდ არ მსიამოვნებს. ახლა საჭმელი მინდა, მაგრამ არა ნებისმიერი. შენი გაკეთებული რამე. სახლში მოვალ და ცხელს დამახვედრებ. მე ეს ისე მსიამოვნებს, თითქოს საჭმელს პირველად ვჭამდე, მითუმეტეს შენს გაკეთებულს. მაგრამ საქმე არც მაგაშია. დამღლელი დღე შენც ისევე გაქვს, როგორც მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ცხელი კერძი ყოველთვის მხვდება მაგიდაზე. ამას ვინმე აკეთებს დედის გარდა??? მე პირადად არა და ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია ვიღაცისთვის საჭმლის მომზადება. ერთადერთხელ სერიოზული განწყობით მივუდექი ამ საქმეს და მთელ ბლოგოსფეროს თუ ფბ–ს მოვსდე ჩემი გამომცხვარი „პეჩენიების“ ამბავი. ზოგადად არ ვარ ეგ ტიპაჟი.
მერე ისევ კამათი ხან რაზე, ხან რაზე. მერე ისევ რაღაცაზე ვცოფდებით. შენ ჩემი არ მოგწონს რაღაც, მე შენი. მერე მოვდივარ და ბლოგში ვწერ. მეორე დილით კი ვიღვიძებ იმ იმედით, რომ შენ მყავხარ. ღრმადპატივცემული გაცივდა თუ არა, თერმომეტრმა 38-ზე მეტი უჩვენა თუ არა, ეგრევე შენ დაგირეკა. არადა მართლა უკვე სხვა სტადიაშია. გათხოვილი, თვითონ დედა, მაგრამ აი მაინც შენზე ვართ გამოკერებულები. ეგრეც იზამდა, აბა სხვისმა დედამ რა იცის, შენს შვილს რა აწუხებს??? თუნდაც ეს სხვა მისი მეუღლე იყოს.
ნერვიულობ. ნერვიულობ უსაზღვროდ ბევრ რამეზე. თითოეული შენი ფიქრი ჩვენზეა. თუნდაც ის რად ღირს, ყოველ დილით 8 საათზე მხოლოდ იმიტომ რომ დგები, რომ მე დილის სადილი მომიმზადო. მე ხომ იცი, ეგ მეზარება და შენ რომ არ დგები, მე სახლიდან მშიერი გავდივარ. არადა უუნარო არ ვარ, მაგრამ ვერ ვახერხებ დილით შენსავით სამზარეულოში ფუსფუსს.
ფიქრობ. ძალიან ბევრს. ახლა განსაკუთრებით. რაღაცეებს შეეგუე, რაღაცეებს ყლაპავ, არ იმჩნევ. ტკივილებს ბალიშს უმხელ და მახსოვს შენი ტირილი, მის გამო. ნერე ისევ ნერვიულობები. ჩუმად ქვითინები და შენს ზურგში დანის ჩარტყმები შენივე შვილისგან. მაგრამ შენ მაინც ითმენ. შენ ეგეთი ხარ. ეცემი, მაგრამ შენით დგები. გიჭირს, მაგრამ ისევ შენი პროფესია გეხმარება ადგომაში.
გახსოვს, ადრე სულ როგორ მკოცნიდი??? აი მაშინ, პატარაობაში. და მე ეგ მომენტები არასოდეს დამავიწყდება. თუნდაც იმიტომ, რომ სხვები მაწვალებდნენ, მატირებდნენ, მეხუმრებოდნენ, შენ – მეფერებოდი და მკოცნიდი. ეგ ბავშვობიდან მაქვს გამოყოლილი. ახლაც მიხარია, როდესაც ერთმანეთს ვკოცნით. მაგრამ ახლა დრო შეიცვალა. არადა ასაკი რა შუაში უნდა იყოს, არ მესმის და მე ისევ მიყვარხარ. შენ ისევ ის ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც შემიძლია უაზროდ ბევრი ვკოცნო და არ მომბეზრდეს.
არადა არაერთხელ მინატრია სახლიდან წასვლა. ყვირილიც არაერთხელ, გაბრაზება და ერთმანეთის იგნორი. მერე ისევ ვრიგდებით, ყველაფერი ლაგდება და ცხოვრებაც გრძელდება.
მიყვარს შენი პროფესია უზომოდ და მიყვარხარ შენ, როგორც შენი საქმის პროფესიონალი. ჩემთვის ერთგვარი მოულოდნელობა იყო, როდესაც მითხარი, შენზე ვიყავი ფეხმძიმედ, მანდ რომ დავიწყე მუშაობაო. ამის მერე ორმაგად ჩემიანი გახდი. ყველას კი არ შეუძლია ეგ. თან ასეთ სამსახურში. შენი პროფესიისგან იცი რა ვისწავლე??? ადამიანის უკეთ გაგება. ადამიანის სულში შესვლა და იქ პასუხების ძებნა. კიდევ იცი რა ვისწავლე??? გაკვირვების არ-ქონა. ხო, მართლა. ვიღაც რაღაცას რომ აკეთებს, არ მიკვირს ხოლმე და მშვიდად ვხვდები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ჩემი ემოციების გადამკიდე, ვერ ვახერხებ მაგას. მიხარია, რომ საუკეთესო მრჩეველი მყავხარ. თუმცა მე მაინც ბლოგს უფრო მეტ რაღაცას ვეუბნები, ვიდრე შენ.
ამდენი წელია შენით ვართ ჩვენ. ბოლო 8 წელი კი – განსაკუთრებით. როდესაც ერთი და იმავე წლის განმავლობაში 2 საყრდენი გამოგეცალა. არც მინდა იმ წლის გახსენება. ეს ჩვენი ტრაგედიაა. წლები კი გავიდა, მაგრამ მაინც.
რამდენიმე თვის წინ კირა ანდრონიკაშვილს რომ შეგადარეს, გამეღიმა. მერე, ზუსტად რამდენიმე დღეში ერთ-ერთმა ფორუმელმა მე მომწერა, შენ შემთხვევით კირა ანდრონიკაშვილის შვილი ხომ არ ხარო. გამეცინა. წარმოიდგინე, მე შენ რა მაგრად გგავარ, თორემ აბა ის ფორუმელი სულ არ გიცნობს შენ. :
DDDD არადა საერთოდ არ ვიცი კირა როგორ გამოიყურება. მე იმას მივაქციე ყურადღება, რომ ესე იგი მე შენ გგავარ. თუმცა პრინციპში ორივეს.
ყველა მნიშვნელოვანი ფაქტის მონაწილე ხარ ფაქტიურად. ყველა თემაზე უპრობლემოდ შემიძლია საუბარი. არადა მე მაინც ბლოგისკენ გავრბივარ და „ლომკა“ მაქვს, თუ ინტერნეტიანი კომპიუტერი არ მაქვს. მინდა აქ შევჩერდე, უბრალოდ მეტი რა გამოვხატო, არ ვიცი. განა იმიტომ, რომ მასალა გამომელია გამოსახატი, უბრალოდ იმიტომ, რომ დანარჩენი ყველაფერი ჩემშია, გულში.
(c)შენი უმადური შვილი

Advertisements

4 thoughts on “To my mom

  1. ეს რა კარგი პოსტები/წერილები დაგიწერია და მე ახლაღა ვნახე. დედა მომენატრა :|ეს მომეწონა: (ც) უმადური შვილი. ყველანი უმადურები ვართ, მგონი და ვერასოდეს დავაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის დედები აკეთებენ, მაგრამ ჩვენც მოგვიწევს მერე მსგავსი პრაქტიკა და ვნახავთ 😉

  2. ხო ძალიან. აი ისეთი კარგი, მეტი რომ არ შეიძლება. :დდ:*** შენ თვითონ.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s