May

არ მიყვარს მაისი. დიდად არასოდეს მყვარებია და ბოლო რამდენიმე წელი – მითუმეტეს. სულ დაძაბული ვარ, შებოჭილი და ერთი სული მაქვს, როდის გავა. ყველაფერ ცუდს მაისში ველოდები. ეს უკვე ჩამოყალიბებულ იდეაფიქსად მაქვს ქცეული. აი ახლაც კი, როდესაც თვის დასრულებამდე სულ რაღაც 2 კინკილა დღეა დარჩენილი, უცნაური შეგრძნება არ მტოვებს.

მაისი მთლიანად მამაჩემის თვეა. 17 მაისი მისი გარდაცვალების დღეა, 31-ში კი – დაბადების. დაბადების დღის თარიღამდე ზუსტად 14 დღით ანუ 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. წლევანდელ 17 მაისს კი მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. შეგრძნება ისევ რაღაცნაირია. ენით რომ ვერ აღიწერება და თითებით რომ ვერ დაიწერება. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ვინმესთან საუბარი. მათ შორის არც ოჯახის წევრებთან. ეს იმდენად პირადია, რომ ალბათ ყველა ასე იქნებოდა.

ვიხსენებ ძალიან ბევრ ნათელ მომენტს მამაჩემის ცხოვრებიდან. მისი თამაშის პერიოდი მე აბა საიდან მემახსოვსოვრება?! ეს ჩემამდე კიარადა, ზოგადად დაქორწინებამდე იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ოდესღაც რაღაც კარგი გაუკეთებია ქართული სპორტისთვის, მე მახარებს და სიამაყით მავსებს. პლუს, ნაკრების მთავარი მწვრთნელობა არც ისე ადვილია. მახსენდება ცივ ამინდში კუს ტბაზე არბენები. უფრო სწორად, ჩვენ რა გვიჭირდა, ხელბურთელები უნდა გენახათ 😀 მოკლე შორტებში ცივ ამინდში რომ არბოდნენ მთელი კუს ტბის ტრასას. ჩვენ (მე, ჩემი და და მამაჩემი) მანქანით ვადევნებდით თვალყურს. პერიოდულად ვჩერდებოდით, გვენახა არიქა და ვინმე ხომ არ ისვენებს და ზარმაცობსო. დიახ, აი ეს ის თაობაა, ახლა რომ უკვე შეიძლება აღარც კი თამაშობენ – 90-იანი წლების ხელბურთელები. ახლა უკვე 40-45-ს მიტანებულები იქნებიან სავარაუდოდ და ალბათ ყველამ თავისი გზა იპოვა. ზოგი ალბათ ისევ ხელბურთშია, ზოგი – სხვაგან. ამ მხრივ ჩემს დას უფრო მეტი აქვს გასახსენებელი – მამაჩემს საზღვარგარეთ დაყვებოდა თამაშებზე. მე მაშინ პატარა ვიყავი, 1997 წელს შევსრულდი მხოლოდ 10 წლისა. მახსოვს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში 1994 წელს, სადაც მამაჩემიც იყო და ჩვენ სამნი ტელევიზორში შემძვრალნი ვუყურებდით, რომ კამერებისთვის ხელი დაექნია და ჩვენ ტელევიზორში გვენახა. აი აგერ მწირი ინფორმაცია ზ/ა ოლიმპიური თამაშების შესახებ, საქართველოც რომ არის ჩამონათვალში. მახსოვს სტუ-ს (ჩვენ ყველა რომ “გეპეი”-ს ვეძახით) პირველი სართულის დარბაზი, სადაც ბიჭების ვარჯიშები ტარდებოდა. და ჩემი ერთადერთი გასართობი მხოლოდ წებოვანი პატარა ბურთები იყო. პატარა იმიტომ, რომ ხელბურთის ბურთი ფეხბურთის ბურთთან შედარებით პატარაა და წებოვანი იმიტომ, რომ სპეციალურად ისვამდნენ თითებზე რაღაც მაზს, რომელიც ბურთს თითებზე მყარად ამაგრებდა.

ეს პოსტიც აგერაა. თებერვალში მალტაში ვიყავი და ორივე გზაზე მოხდა ისე, (თბილისი  – მიუნჰენზეც და მიუნჰენი – თბილისზეც) ცნობილი ქართველი ფეხბურთელის შვილი, აწ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი გავიცანი. იქითობისას უბრალოდ ერთმანეთზე დაკვირვებით შემოვიფარგლეთ. მე იმდენად მორიდებული ვარ, ვერ მივიდოდი და ვერ ვეტყოდი ამისა და ამის შვილი ვარ-მეთქი. მაგრამ აქეთობისას თვითონ გამომეცნაურა, ჩვენ მგონი წინაზეც ერთად ვიმგზავრეთო. რომ გაიგო ვინ ვიყავი, გადამეხვია, ჩამეხუტა, მომესიყვარულა, ოჯახი როგორ ხართო. მამაჩემი გაიხსენა. მამაშენის მხრებზეც კი ვიჯექიო. ასეთი და ასეთი ადამიანიო.

ბავშვობა ისეთი რამეა, სულ რომ გენატრება. გენატრება იმდენად, რომ ჯანდაბას ცუდიც გახსენდებოდეს და ჯანდაბას, არც თუ ისე იშვიათად. გახსოვთ ხომ შუქის ჩაქვრები, ნავთის რიგებში დგომები, გენერატორის ღმუილი და გრაფიკით მოცემული შუქი??? კი მეც. და მე შვილი რომ მეყოლება, ალბათ ვერასოდეს შევძლებ ავუხსნა, რა იყო 90-იანები. არანაირად არ ვთვლი, რომ 90-ანები საშინელება იყო. ეს უბრალოდ ეტაპი იყო, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა ადრე თუ გვიან. უბრალოდ ჩვენ უფრო გაგვიჭირდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და საშინელი 9 აპრილების შემდეგ. რომ ვთქვა, რომ ახლა არაფერი გვიჭირს-მეთქი, ძალიან დიდი სიცრუე იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ნელნელა წინ წავალთ. 90-იანები კი სამუდამოდ ჩემს გულშია.

sz

 ამასწინათ ეს სურათი დაიდო ჩემი N 1 ფეხბურთელის მეუღლის fb გვერდზე. წამში მთელმა 90-იანებმა თვალწინ გადამირბინა. მე და ჩემს დას გვქონდა ეს კასეტაც და ამის მომდევნოც. გიჟებივით დავხტოდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, თავებს ხან ერთს ვადარებდით, ხან მეორეს. პლაკატებს ვაკრავდით ოთახებში, გაზეთებიდან სურათებს ვჭრიდით და ბლოკნოტებში ვაწებებდით. ო ღმერთო რას აღარ 😀 მე მახსოვს ემასნაირი მაღალძირიანი ბოტასები მქონდა. ჩემი კლასელი ლევანი დამცინოდა, ისედაც მაღალი ხარ, კიდევ შენობები გინდაო?! 😀 მაგრამ მაშინ მოდაში იყო და მეც ჭკუაზე არ ვიყავი 😀

შემდეგ ვიკიმ დევიდი გაიცნო და დანარჩენი ყველამ ვიცით. ამ სასიყვარულო ისტორიის სათავე რომ თბილისია, ესეც ვიცით: In November 1996, Beckham was abroad on his first trip with the England squad, in Tbilisi, Georgia. There, he saw the video that would change his life. It was “Say You’ll Be There” by the Spice Girls. Beckham pointed at the screen and said to his best friend Gary Neville that the girl dressed in a black PVC catsuit (Victoria) was the woman he wanted and if she wanted him, they would be together for ever. A few months later, they began dating. ამის შემდეგ უკვე ფეხბურთზე “შევჯექით”. მე ვერ წარმომიდგენია რა უნდა მომხდარიყო ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში, რომ ჩვენ აქედან არ გვედევნებინა თვალი. დღემდე ასეა. პლუს, ახლა ინტერნეტი უკვე იმის საშუალებასაც კი იძლევა ვიქტორიას ტვიტერზე ვიყო ადევნებული და რა კატა ჰყავს, ისიც კი ვიცოდე. მაგრამ მაშინ სად იყო ინტერნეტი და ინფორმაციები. ფეხბურთიო და მამაჩემსაც მეტი რა უნდოდა. გოგოების დაინტერესება ფეხბურთით ხომ ისეთივე სირთულისაა, როგორც ბიჭების – ბარბით. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს არ ყოფილა პრობლემა. მახსოვს უბედნიერესი 1999 წლის მაისი, როდესაც მე-6 წუთზე მიუნჰენელი მარიო ბასლერის შემდეგ მთელი თამაშის მანძილზე ფაქტიურად სასწაულის იმედი გვქონდა. მოხდა კიდევაც სასწაული. მეორე დღეს დედაჩემი ყვებოდა სამსახურში, გუშინ ღამე ჩემს სახლში ისეთი კივილი და ზანზარი იყო, გამეღვიძა, მიწისძვრა მეგონაო.

ახლაც მაისია, ახლაც იყო ფინალი და ახლაც მიუნჰენის ბაიერნის მონაწილეობით. მაგრამ ჩემთვის უკვე იმდენად უინტერესო, რომ არც ჩამირთავს. დაილოცოს www.livescore.com, შედეგები მომენტალურად იწერება და სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს facebook, სადაც არაერთი გულაღტკინებული მეგობარი (ანუ friend-ი) მთელი ემოციებით გამოხატავს სათქმელს. ჩემთვის ფეხბურთი ისაა, რაც მაშინ იყო. ახლა უკვე მოხუცებული გულშემატკივარივით ვარ, რომელიც ყველა ახალი თამაშის თუ მოთამაშის გამოჩენისას ჯუჯღუნებს და რა თქმა უნდა, იმ ძველ დროს ადარებს ყველაფერს. ჩემთვის ფეხბურთი იტალიის ნაკრებია. უსაყვარლესი პაოლო მალდინით, ჩეზარეს მწვრთნელობით, დელ პიერო/გატუზო/ბუფონი/კანავარო/ინძაგები/ნესტა/აბიატი/ტოლდოთი/ლიპი/ანჩელოტით. ახლა ეს ხალხი სანთლით საძებარია ფეხბურთში და მე სანთელი არ მაქვს, უკვე 24 სთ-იანი შუქი მაქვს.

ალბათ ემოციურად ერთერთი ყველაზე რთული მომენტია, როდესაც საყვარელი მწვრთნელი ტოვებს გუნდს. ახლაც, როდესაც ამ სიტყვებს ვკრეფ, ისევ და ისევ მთელი ის პერიოდი მახსენდება. სერ ალექს ფერგიუსონი.. 1986-2013, მთელი 27 წელი ერთ გუნდში. ეს სურათი კი დევიდის კარიერის დასაწყისია. სავარაუდოდ აქ 14 წლისაა და სავარაუდოდ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს.

sd

8 მაისს ეს პოსტი რომ დავინახე, თვალები ცრემლებით ამევსო. ვიღაცამ ისიც მითხრა, დაბერდა აბა კაციო, დაიღალაო. ხო, მართალია. ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული.

alex

წარმომიდგენია რას განიცდიდა დევიდი ალექსის წასვლისას. მათ ხომ ყველაფერი ერთად გამოიარეს. მთელი დევიდის კარიერა ალექსის დამსახურებაა და ეს ორივემ ძალიან კარგად უწყის.

16 მაისი და ამჯერად უკვე დევიდის წასვლის მომენტი დიდი ფეხბურთიდან.

hj

ჯერ კიდევ ვერ გამიაზრებია ბოლომდე. ძალიან მწყდება გული. თუმცა როგორც ზევით დავწერე, ყველაფერს აქვს დასაწყისიც და დასასრულიც. ყველას გვემატება ასაკი და ყველას გვიდგება დრო, როდესაც განზე უნდა გავდგეთ. თვალის დახამხამებაში ჩემი ფეხბურთელი 2 მაისს 38 წლის გახდა.

მორჩა! დღეს უკვე აღარავინ თამაშობს იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც ასე მიყვარდა. 31 მაისს უკანასკნელად ვნახავ პაოლო მალდინის/პიპო ინძაგის თამაშს. კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ თამაშზე სხვა მილანელებთან ერთად ისიც ეწვევა თბილისს. წლების წინ საქართველო-იტალიაზე სამნი ვიყავით. ახლა კი მარტო მივდივარ 31 მაისს, მამაჩემის დაბადების დღეს. ყველაფერი სიმბოლურია. არადა, როგორ მინდა მამაჩემი გვერდით მეჯდეს, როგორ ძალიან მინდა. როგორ ძალიან!

Thank you for playing.

PicMonkey Collage

ეს სიმღერაც სიმბოლურად :))

Advertisements

13 thoughts on “May

  1. ქეთი! რამდენი რამე გვაქვს საერთო, განცდებს ვგულისხმობ. პირადად გავაგრძელოთ მერე… მეც მიჭირს ამ თემაზე წერა. ❤

    • ხო აი თითქოს გავიარე ეს ეტაპი, თითქოს ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მერე ისევ თავიდან ამოტივტივდება ხოლმე. ისევ და ისევ.

      • ჯერ სად ხარ 🙂 რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სიცარიელეს ვერაფერი ავსებს.

        • ხო აი ეგაა რა. თან 16 წლის ასაკში სხვანაირად აღიქვამ ამ ამბავს და 28 წლის ასაკში აბსოლუტურად სხვანაირად. დრო არაფერს არ კურნავს, უბრალოდ ქვევით ლექავს.

  2. Pingback: 64 | Universe

  3. სულ მინდოდა ხელბურთის ბურთი 😦 შინ, სუვენირად. პატარა რომ იყო, ზუსტად იმიტომაც მომწონდა.

    უთბილესი პოსტია. ნოსტალგიური ისეთ თემებს იხსენებ, კომენტარის დატოვება ჭირს კიდეც, ძალიან პირადია, ძალიან შენი და, ალბათ, იმიტომ. და, ალბათ, ძალიან ამაყი უნდა იყო, როცა შენს საყვარელ ადამიანს უცნობ-ნაცნობები ასე იხსენებენ.

    • აუ კი. ეს პოსტი ერთერთი ყველაზე პირადი და ემოციურია.
      დიდი მადლობა მოლი :*

      აუ კი, ხელბურთის ბურთები ისეთი საყვარელია. მახსენდება ხოლმე ის პერიოდი, ხელში რომ მეჭირა ხოლმე და ისე მენატრება ეგ პერიოდი.

  4. №14 ჩემი საყვარელი ფეხბურთელიც ბექჰემია 😀

    თუმცა მე ფეხბურთის ასეთი გულშემატკივარი არასოდეს ვყოფილვარ.
    პოსტი იყო მართლაც ძალიან კარგი 🙂

  5. მიუხედავად იმისა, რომ სპორტი არ მიზიდავს, ეს პოსტი მაინც სასიამოვნო წასაკითხი იყო. შენთან ერთად თითქოს მეც 90-იანებში დავბრუნდი, ათასი რაღაც გამახსენდა. ბედნიერი ხარ, რომ ასეთი მამა გყავდა და ამდენი მოსაგონარი გაქვს

    • დიდი მადლობა :*

      ხო, 90-იანები ყოველვის სენტიმენტალურად მახსენდება ხოლმე.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s