Biaff: გულახდილი/Frank

10 თუ 11 წლის ვიქნებოდი, როდესაც ექსკურსიაზე მივყვებოდი მეგობარ კლასს. ერთ მოსწავლესთან ჩემი ინიციატივით მივედი და გადავკოცნე, რამდენიმე წუთში კი მამაჩემმა დამიბარა თავის მანქანასთან და მითხრა: “პირველი შენ არასოდეს მიხვიდე ადამიანთან გადასაკოცნელად.” იმ მომენტში საკმაოდ გავბრაზდი და რა თქმა უნდა, შევიცხადე. წლების შემდეგ კი ნელნელა უფრო ძლიერ დავრწმუნდი მამაჩემის სიტყვების სისწორეში. თუმცა ცხოვრება ისეთი უცნაური რამეა და ხალხი – ისეთი მრავალფეროვანი, რომ არც მამაჩემის 100%-იანი დაჯერება ყოფილა და არც 100%-იანი არდაჯერება. მას შემდეგ სიტუაცია სულ თავად მკარნახობს როგორ მოვიქცე. ერთი კი ისაა, რომ არ ვცდილობ ვიმეგობრო იმ ადამიანებთან, ვისაც ეს არ უნდა.

ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალმა წარმოგვიდგინა ლენი აბრაჰამსონის ფილმი “Frank”, რომელშიც ის საკითხია წამოწეული, რაზეც ზევით ვისაუბრე. ჯონი ერთი ინგლისელი მუსიკოსია, რომელიც თავს კარგ მუსიკოსად მიიჩნევს და ზუსტად ამიტომაც ის ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ქალაქის ყოველდღიურ ერთფეროვნებას თავი დააღწიოს. ის მოულოდნელად გაიცნობს ექსცენტრიულ როკ-ჯგუფს, რომლის წევრებიც დათანხმდებიან მის ჯგუფში აყვანას. ზუსტად ამის შემდეგ მის ცხოვრებაში თავგადასავლების რაოდენობა მატულობს. თუმცა ჯონი არ მოსწონთ და ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ მისი თავიდან მოშორებას. ჯონი კი მთელი მონდომებით ცდილობს ჯგუფს დაანახოს, თუ როგორი კარგი ადამიანი და მუსიკოსია იგი. ჯგუფის ლიდერია Frank-ი, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული. სწორედ ამის გამო იგი მუდმივად უზარმაზარი პაპიე-მაშის თავით ცხოვრობს. ჯონს ხშირად უჩნდება ფრენკის რეალური სახის ნახვის სურვილი, თუმცა ამაოდ. ჯგუფში გამუდმებით კრიზისული სიტუაციებია, რაც ფრენკს უფრო მეტად აგდებს დეპრესიაში. თუმცა, მთელი ჯგუფი მაინც ღრმად არის დარწმუნებული, რომ ფრენკი გენიალური მუსიკოსია. რეალურად კი ფრენკი ერთი აუტისტი, ემოციური ინტროვერტია, რომელიც საბოლოოდ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მისი აუტისტობიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის. ჯონის კი უკვე ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ფრენკი რეალურ ცხოვრებას დააბრუნოს.

ფილმი არის ბიოგრაფიული და ეხება კომიკოსისა და მუსიკოსის – კრის სივის (Chris Sievey) ცხოვრებას. კრისის სასცენო სახელი გახლდათ Frank Sidebottom და იგი განსაკუთრებით პოპულარული გასული საუკუნის 80-იან, 90-იან წლებში იყო ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. 1971 წელს კრისი და მისი ძმა გაემართნენ ლონდონისკენ, კერძოდ კი ხმის ჩამწერი სტუდია “Apple Records”-ის შენობისკენ, სადაც ისინი დაჟინებით ითხოვდნენ “The Beatles”-ის რომელიმე წევრის ნახვას. როდესაც მათ თხოვეს შენობის დატოვება, მათ დაიჟინეს, რომ სურდათ სიმღერის ჩაწერა. კრისმა ნამდვილად ჩაწერა რამდენიმე სიმღერის დემო ვერსია, რომელიც სხვადასხვა კომპანიებში გადააგზავნა კიდევაც. მან არაერთი უარის წერილი მიიღო, რაც საკუთარ წიგნშიც აქვს ნახსენები. ამ ფაქტის შემდეგ მან საკუთარი ლეიბლი “Razz” ჩამოაყალიბა 1974 წელს. 1975 და 1976 წლებში სივიმ თავისი სახელით 2 კასეტა გამოუშვა: Girl in My Blue Jeans და All Sleeps Secrets. შემდეგ მან სხვა მუსიკოსებთან ერთად მუშაობა გააგრძელა The Freshies-ის სახელქვეშ, თუმცა 1983 წელს მან ჯგუფი მიატოვა და სხვა მიმართულებით წავიდა. ფრენკი ძირითადად შემოსილი იყო 50-იანების სტილის კოსტუმებით. მისი პერსონაჟი იყო ოპტიმისტი, ენთუზიაზმით აღსავსე. 35 წლის ასაკში (ეს ასაკი ყოველთვის მიეწერება Frank-ს, მიუხედავად დროის გასვლისა) ის ისევ დედასთან ცხოვრობდა, რომელმაც დიდად არაფერი იცოდა შვილის პოპულარობის შესახებ.

მაიკლ ფასბენდერი არაჩვეულებრივად თამაშობს ფრენკის როლს. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ამ ფილმში გადაღებისას 35 წლის იყო. მე ჩავთვლიდი, რომ ეს ერთგვარი ექსპერიმენტია მის სამსახიობო კარიერაში. ასე რომ, თუ თქვენ სხვანაირი ფასბენდერის ხილვა გსურთ, ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. მეგი ჯილენჰაალი დიდი ხანია მომწონს. ამ ფილმში ის ცვალებადი ხასიათის მქონე ადამიანს ასახიერებს. იფიქრებ – რა საყვარელია, და ბრახ! უცბად აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცევა. მისი პერსონაჟი აქტიურად ცდილობს ჯონის მოშორებას.

ფილმის ერთადერთი აზრი არის იმაში, თუ როგორ ურთიერთობენ განსხვავებული ადამიანები ერთმანეთში და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი სირთულეების დაძლევას. ზოგი ამას ახერხებს, ზოგი – ვერ. ფილმი სევდიანი კომედიური დრამაა. საბოლოო ჯამში, მე ვერ ჩამოვყალიბდი, ფილმი მომეწონა თუ არა. თუმცა, ის მაინც ვიცი, რომ ფასბენდერისა და ჯილენჰაალის მონაწილეობით ერთი ფილმი კიდევ შევმატე ნანახი ფილმების კოლექციას.

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s