Biaff: Suzanne ანუ კარგი გოგოს ცუდი ცხოვრება

როდესაც 1966 წელს კანადელი მუსიკოსი – ლეონარდ კოენი (Leonard Cohen) სიმღერის სტრიქონებს წერდა, მაშინ ის თავისი თანამემამულე მეგობრის, სკულპტორისა და მხატვრის  – არმან ვაიანკურის (Armand Vaillancourt) მეუღლით – სიუზან ვერდალით (Suzanne Verdal) იყო მოხიბლული. არადა, 70-იანების დასაწყისში კოენი ამერიკელ სიუზან ელროდზე (Suzanne Elrod) დაქორწინდა, თუმცა არავის მოსვლია აზრად ეს სიმღერა მის მეუღლესთან დაეკავშირებინა. 90-იანებში კოენი BBC-ის გამოუტყდა: “მოულოდნელად, მე ჩემი მეგობრის მეუღლე – სიუზანი შემიყვარდა. ეს იყო მონრეალის გამორჩეული წყვილი: სიმპატიური მამაკაცი და ლამაზი ქალი. ყველა მამაკაცს უყვარდა სიუზანი და ყველა ქალს უყვარდა არმანი. აქ ისეთი მომენტი იყო, როგორ ვთქვა… გამუდმებული ფიქრები სიუზანის შესახებ, მაგრამ არანაირი რეალური შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, არმანი ჩემი მეგობარი იყო. მეორეც, წყვილს იმდენად მყარი ურთიერთობა ჰქონდა, რომ შენ ვერ შეიჭრებოდი და ვერ გაარღვევდი ამ ძლიერ კავშირს. ერთ დღესაც სიუზანს შემთხვევით გადავეყარე და მან მე მდინარის პირას დამპატიჟა. მას პატარა სხვენი ჰქონდა და სხვენის ქვევით სივრცე, სადაც ის ჩაით გამიმასპინძლდა. ჩაის ფორთოხლის ნაჭრები ჰქონდა. მდინარეში ნავები სეირნობდნენ, მე კი ჩემს წარმოსახვაში სიუზანის სხეულს ვეხებოდი. მისი შეხების სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობდა. აი აქედან მომდინარეობს ამ სიმღერის სათაურიც და ტექსტიც.”
Suzanne takes you down to her place near the river
You can hear the boats go by
You can spend the night beside her
And you know that she’s half crazy
But that’s why you want to be there
And she feeds you tea and oranges
That come all the way from China
And just when you mean to tell her
That you have no love to give her…

მრავალი წლის შემდეგ, 2006 წელს სიუზან ვერდალმა The Guardian-ს უამბო, რომ მისი მეუღლე და კოენი მართლაც მეგობრობდნენ. “მე 1965 წელს არმანს გაშორებული ვიყავი და შვილთან ერთად ცალკე ვცხოვრობდი. ლეონარდი მოდიოდა ხოლმე ჩემთან და მე მას ჩაით ვუმასპინძლდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მეც მქონდა მის მიმართ გრძნობები (ან როგორ არ უნდა მქონოდა, ის ხომ საოცრად მიმზიდველი და სექსუალური იყო), ჩვენ შორის არასოდეს მომხდარა რამე. მე მის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა და ყოველთვის როგორც უფროსს, ისე ვუყურებდი. იმ დროს ძალიან ბევრ ქალს უყვარდა კოენი და არ მინდოდა მეც ბრბოს ნაწილი ვყოფილიყავი. 68-ში მე მონრეალიდან აშშ-სკენ გავეშურე და როდესაც დავბრუნდი, მეგობრებმა მითხრეს: “იცი, ლეონარდმა შენზე სიმღერა რომ დაწერა?”. ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ სიმღერა ასეთი პოპულარული გახდებოდა. ჩემთვის ეს სიმღერა ჩემი პირადი სივრცეა და როდესაც სადმე მესმის მისი ჰანგები, მოგონებებს მივყავარ შორს, ფიქრებში”.

ლეონარდ კოენი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ კოტ დ’იუარელი წარმოშობის ფრანგი რეჟისორი – კატელ კილევერი (Katell Quillevere) მისი სიმღერით შთაგონებული, 2013 წელს ფილმს გადაიღებდა და სიმღერას ფილმის ბოლოში მოგვასმენინებდა. 34 წლის რეჟისორს ფილმის გადაღების სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ხელში ჩაუვარდა ფრანგი კრიმინალი ქალების მიერ დაწერილი მემუარები. ქალებისა, რომლებმაც მიატოვეს ოჯახები და გვერდით დაუდგნენ საყვარელ მამაკაცებს.

ფილმი მოიცავს ერთი ოჯახის 25 წლიანი ცხოვრების ეპიზოდს. დასაწყისში ჩანს პატარა სიუზანი, მისი უმცროსი და – მარია და მამა – ნიკოლა. პირველივე ეპიზოდში სიუზანი ცუდად იქცევა, რის გამოც ცრემლიანი თვალებით ისმენს მამის საყვედურს. ეს სცენა ფაქტიურად მთელ ფილმს ხატავს წინასწარ. ქორწინების პირველივე წლებში დაქვრივებული, სატვირთო მანქანის მძღოლი ნიკოლა მერევსკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მის ორ ქალიშვილს არაფერი მოაკლდეს. დებს შორის განსაკუთრებული სიყვარულია და მარია მუდმივად გვერდში უდგას სიუზანს. გადის წლები და სიუზანის სკოლის მასწავლებელი ნიკოლას იბარებს იმისათვის, რათა შეატყობინოს მისი 17 წლის ქალიშვილის ფეხმძიმობის ამბავი, რაც ფაქტიურად, პირველი მორალური და რაც მთავარია, მატერიალური დარტყმაა ისედაც გაჭირვებული ოჯახისთვის. თუმცა, სიუზანს გადაწყვეტილი აქვს ბავშვის გაჩენა, რადგან “მას ასე სურს”. შარლის სამი ადამიანი ერთად ზრდის: დედა სიუზანი, დეიდა მარია და ბაბუა ნიკოლა. ყველაფერი მეტნაკლებად ნორმალურად განვითარდებოდა, სიუზანს კლუბში კრიმინალური ცხოვრების მიმდევარი ჟულიენი რომ არ გაეცნო. პრობლემებიც აქედან იწყება. და აი აქ დგება სიუზანი არჩევანის წინაშე: მიატოვოს და, მამა და შვილი თუ დაივიწყოს ჟულიენი.

სიუზანისა და ჟულიენის ურთიერთობის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ სიუზანი მალე მოეგებოდა გონს და ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ გატაცება იქნებოდა. იმ გატაცების მაგვარი, როგორიც მას აკავშირებდა შარლის მამასთან. თუმცა, ამ ეჭვის გასაქარვებლად რეჟისორი კილევერი გვაჩვენებს კადრებს, რომელთა მეშვეობით ჩვენ ვრწმუნდებით სიუზანისა და ჟულიენის სიყვარულში. ერთ-ერთი ასეთი სცენაა მარსელის ქუჩა, სადაც ახალგაზრდები ვნებით გაგიჟებულნი, ერთმანეთს ვერ ელევიან.

მე რომ ვიყო ფოტოგრაფი, იმას დავწერდი, რომ ფილმი დაყოფილია ლომო-კადრებად. მაგრამ ვინაიდან ფოტოგრაფიასთან ჯერ არანაირი შეხება არ მაქვს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ფილმი არის 80-90-იანი წლების ფერებით გაჯერებული, რაც ფილმს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

მთელი ფილმის მანძილზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორი მონდომებით ეგუებიან ნიკოლა და მარია სიუზანის ქაოტური და არასწორი ცხოვრების პატარა თუ დიდ დეტალებს. თუნდაც იმას, როდესაც ფეხმძიმდება; ან იმას, როდესაც ჟულიენთან გარბის და შარლის ტოვებს, ან თუნდაც იმას, როდესაც ჟულიენთან ერთად კრიმინალურ დანაშაულს ჩადის. და უკან მობრუნებულს მას მაინც იღებს ოჯახი. თუმცა, ამით ყველაფერი როდი მთავრდება. ახლა ის უნდა დაფიქრდეს, წავიდეს ჟულიენთან მეორეჯერ თუ გონს მოეგოს და ოჯახთან დარჩეს.

ფილმში ძალიან ბევრი სენტიმენტალური მომენტია და მე პირადად ბევრჯერ ცრემლიც წამომივიდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო სარა ფორესტიეს (Sara Forestier) აღმაფრთოვანებელი შესრულება. მსახიობს აქვს პერსონაჟი იმდენად გათავისებული, რომ რაღაც მომენტში ეჭვი გიჩნდება, რომ თვითონ სარა არის სიუზანი და ფილმიც თითქოს დოკუმენტურია. ბელგიელ მსახიობ ფრანსუა დამიანსს (François Damiens) აქამდეც ვიცნობდი ფილმებიდან “Hearbreaker”, სადაც პარტნიორობას რომან დიური და ვანესა პარადი უწევენ და “Delicacy”, სადაც პარტნიორობას ოდრი ტატუ უწევს.. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ფილმი კომედიურია და თან, ძირითადი დატვირთვა სხვა მსახიობებზე იყო, ფრანსუას შეფასება გამიჭირდა. მაგრა “Suzanne”-ში ის არაჩვეულებრივია და აბსოლუტურად გარდასახულია მარტოხელა, ქვრივი, მოსიყვარულე მამის როლში. არ შემიძლია აგრეთვე არ აღვნიშნო ჟულიენის როლის შემსრულებელი მოდელი და ახლა უკვე მსახიობიც პოლ ამიც (Paul Hamy), რომელიც ამ ფილმისთვის სეზარზე ყველაზე პერსპექტიულ მსახიობ მამაკაცად დასახელდა. თუ გახსენდებათ პოლის სახე, მაგრამ ვერ იხსენებთ, მაშინ ამ ბმულზე გადადით და ნახავთ ჩემს საყვარელ რეკლამას მისი მონაწილეობით. ამას ემატება კინოროლი კატრინ დენევის პატრნიორობით.

აგრეთვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემთვის ახალი მუსიკალური აღმოჩენა – მუსიკოსი ვერიტი სუსმანი (Verity Susman), რომელმაც კარგად შეუხამა მუსიკა ფილმს. youtube-ზე საუნდტრეკები არ იძებნება, მაგრამ იძებნება თავად კომპოზიტორი.

და ბოლოს, გარდა ფილმისა, ისიამოვნეთ კოენის სიმღერის ფრანგული ვარიანტითაც.

Advertisements

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s