8 Jahre und Verlassen

დღეს მორიგი 27 ოქტომბერია და, რა თქმა უნდა, მე ტრადიციულად ბლოგის იუბილეს ვზეიმობ. 8 წელია ვწერ. 28 წლის ვარ ახლა და 20 წლისას დავიწყე სრული უაზრობებით. მე ისევ ის K8 ვარ, რომელიც ბლოგს ჩემი ცხოვრების ნაწილად აღვიქვამ და ვწერ ყველაფერ იმას, რასაც მინდა და როგორც მინდა.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, როგორ ავირჩიე აბსოლუტურად დამოუკიდებლად მე-4 კლასელმა 9 წლის მაღალმა მაჭკატმა გერმანული ენა, როგორ მივედი სახლში და ვუთხარი დედაჩემს: “აუ ხო, რა ვიცი, დამრიგებელმა მკითხა, ინგლისური გინდა თუ გერმანულიო და მე გერმანული ავირჩიე, ინგლისურს ხომ უკვე ვსწავლობ?!” და არც იმას დავსძენ, მამაჩემს როგორ ესიამოვნა ეს ამბავი. მე არც იმას მოგიყვებით, 19-20 წლის ასაკში როგორ ვფიქრობდი გერმანიაში მაგისტრატურის გაკეთებას. შესაბამისად, არც იმას გიამბობთ, როგორ ვსწავლობდი 2007-2009 წლებში გერმანულს Goethe-Institut Tbilisi-ში და კერძო მასწავლებელთან. მე არც იმას გადმოგცემთ, სახის როგორი ამყრალებული გამომეტყველებით მითხრა ჩემმა უფროსმა რიგით მეორე სამსახურში გასაუბრებაზე, რა გინდა გერმანიაში, აქაც შეგიძლია მაგისტრატურა გააკეთოო. მე არც იმას გეტყვით, როგორ მივანებე გერმანულის სწავლას თავი მალევე, როგორც კი სიარული დავიწყე ამავე სამსახურში. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, თუ როგორ გამომიშვეს ომის შემდგომ კრიზისის პერიოდში მეორე სამსახურიდან და როგორ დავიწყე ისევ თავიდან კარიერის ასაშენებელი აგურების დადება რიგით მესამე სამსახურში. არც იმას მოგიყვებით, როგორ დამაქვეითეს და როგორ გამიუბედურდა დღისა და ღამის რეჟიმი. ვერ მოგიყვებით, როგორ მძულდნენ ტაქსების ის მძღოლები, რომლებიც ჩემს სამსახურის შესახებ კითხვებს მისვამდნენ თუ უბრალოდ მესაუბრებოდნენ. მე აზრზეც კი არ ვარ, როგორ გავძელი 4 წელი ამ სამსახურში. მე ვერც კი მოვთვლი, რამდენჯერ მიტირია ამ ყველაფრის გამო. ვერც კი აღვწერ, მრავალფეროვნების მოყვარული ადამიანი ერთფეროვნებაში როგორ გავიხრწენი და დავემსგავსე ზომბს ამოღამებული და უძინარი თვალებით. ბოლოს კი უბრალოდ ყელში ამომივიდა და სწორედ ეს იყო verlassen.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. თუმცა, გეტყვით იმას, რომ გერმანიაში წასვლაზე ფიქრი 2014 წლის დეკემბერში დავიწყე. მე არ მოგიყვებით, როგორ მოვძებნე ძალიან კარგი კერძო მასწავლებელი და როგორ დავიწყე გერმანული ენის გახსენება ა/წ თებერვლის 8 რიცხვში. ეს უბრალოდ იყო გადაწყვეტილება verlassen-ის შესახებ.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. უბრალოდ უკვე აპრილში, როდესაც Goethe-Institut Tbilisi-ში საკუთარი დონე შევიმოწმე გამოცდით, საკმაოდ კარგი შედეგი მქონდა იმის გამო, რომ გიჟივით ვმეცადინეობდი თებერვლიდან მოყოლებული. ეს უბრალოდ იყო გადაწყვეტილება verlassen-ის შესახებ.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. და არც იმას მოვყვები, რამდენიმე თვეში ერთი ადამიანი როგორ გავიცანი და როგორ დამახვია თავბრუ. თუმცაღა, ისეთი ბანალური ფრაზების კორიანტელი და ბუღი რომ დადგა, როგორებიცაა “it’s not you, it’s me. შენ ძალიან კარგი ხარ, უბრალოდ მე ვარ არეული, თორემ შენ ყველაფერ კარგს იმსახურებ”, მივხვდი, რომ verlassen-ის დრო იყო.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. მე უბრალოდ იმას გეტყვით, რომ საქართველოში ცხოვრება მომბეზრდა. მომბეზრდა ყველაფრით, რაც მქონდა და ყველაფრით, რაც არ მქონდა. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს verlassen-ის უდიდესი სურვილი.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. მე ვერ გადმოვცემ დედაჩემის მოწყენილი და გაბრაზებული სახის ნაკვთებს, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტად ვარწმუნებდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ეს იყო გადაწყვეტილება verlassen-ის შესახებ.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. მე უბრალოდ არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს. ოჯახი, რომელიც ღამღამობით ძილში მოდის და მესიყვარულება: დედა, რომელიც ლამაზი ტუჩებით მიკოცნის თვალების იღლიებს; ბებია, რომელიც მეფერება და მეგრულად მლოცავს; და, რომელსაც თვალებში ეშმაკუნები დაურბიან; დისშვილი, რომელიც ლავიწის ძვლებზე ხელს მადებს და ჩემს სუნთქვას უსმენს. შემდეგ კი მეუბნება: ქეთუშკი, ახლა რა ენაზე დავითვალოთ? მოდი გერმანულად: აინს, ცვაი, დრაი…”. მამაჩემი? კი, მამაჩემიც მოდის და ტრადიციულად, ერთად ვუყურებთ ფეხბურთს. და მაინც, მე უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო verlassen.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. მე ვერც იმას გეტყვით, როგორ გადავწყვიტე მოვწიწკნოდი ჩემს სახლს, ჩემს ოთახს, ჩემს კედლებს, სადაც 28 წელი ვიცხოვრე; უბანს, სადაც მუდმივად ბავშვების ყიჟინი და ჩიტების ჭიკჭიკია და მე მაინც გეტყვით, რომ ეს იყო verlassen.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. ვერც კი აგიღწერთ, როგორი კარგი მეგობრები გავიჩინე. ისეთები, როგორებიც სულ მინდოდა და არასოდეს მყოლია. ისინი, რომლებთანაც წლევანდელი დაბადების დღე აღვნიშნე და მივხვდი, რომ მეგობრები ძალიან მაბედნიერებენ. მაგრამ ეს მაინც არის verlassen.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არ მოგიყვებით იმას, 4-5 თვიანი მეცადინეობის შემდეგ როგორ შევიძინე ბილეთი შუაგული ევროპისკენ. ზუსტად ეს იყო verlassen.

მე არ გადმოგითარგმნით გერმანულიდან, რა არის verlassen. არც იმას მოგიყვებით, რა ჯანდაბა გვეტაკა მე და ჩემს ყველაზე საყვარელ და ახლო მეგობარს, რომელთანაც ზუსტად 8 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. მე არც იმას მოგიყვებით, როგორი გათიშული, გაოგნებული და სხვა სამყაროში გადასროლილი ვარ ამ ამბის გამო. მე უბრალოდ ვერ გეტყვით, რომ ეს არის verlassen. ეს არის ერთერთი ყველაზე მტკივნეული verlassen!

ჰოდა, მე ახლა აქ ვარ, შუაგულ ევროპაში და ვსუნთქავ გერმანულ ჰაერს. იმედია, დიდი ხნით.  იუბილეს ვულოცავ ჩემს ბლოგს ❤
კარგად ვარ და ამაზე კარგად ვიქნები. ზუსტად ვიცი. Because I said so!

Advertisements

30 thoughts on “8 Jahre und Verlassen

  1. მეც მჭირდება და ვაპირებ დიდი ხანია გავაკეთო verlassen 🙂 რაღაც მაკლდება, ბიძგი, მოტივაცია რავი 🙂

  2. მე მჯერა, დაბადების დღის მოლოცვა არასოდესაა გვიან :დ

    წარმატებები, ქეით!!!

    შენი ასეთი მიზანდასახულობა მხოლოდ მისაბაძია ყველასთვის.
    დაწერე ხოლმე შენი ამბები უფრო ხშირად.
    მხოლოდ კარგი ამბები გამიხარდება.
    სულ რომ ნერვებს ვუშლით ერთმანეთს და სულ სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ, არც ეს მგონია პრობლემა, დაბადების დღის მილოცვისა არ იყოს :ლოლ: du verrücktes Mädel :-*

    • “სულ რომ ნერვებს ვუშლით ერთმანეთს და სულ სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ, არც ეს მგონია პრობლემა” ნამდვილად. ამის გარეშე მოვიწყენდით, ვიცი.
      დიდი მადლობა! მიხარია ხოლმე შენი კომენტარები. კი კი მინდა ბევრი ვწერო და ვცდილობ მაქსიმალურად.

  3. როგორ მესმის შენი, მაგ გადაწყვეტილების ნდომის და შენი
    მონაყოლის, მეც ეგრე მოვეწიწკნე ყველაფერს, ამოვიგლიჯე და ვიცოდი რომ სწორედ verlasen-ის დრო იყო! იყო და არაა ჩემთვის მარტივი, არაა მარტივი მაგრამ
    სწორია! 🙂 წარმატებებინშენც ასევე ❤

    • აი ზუსტად.
      მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. თუ მოვინდომებთ.

  4. გილოცავ ❤ და შემდეგი, უფრო დიდი საფეხურების უფრო დიდი წამატებით დაძლევას გისურვებ 🙂

  5. ყველაზე მაგარ ადგილას ხარ, ამაზე უკეთესი ვინ რაღა უნდა გისურვოს? 🙂 ❤

    • ამაზე კარგი მისურვე გერმანული ენის დიიიიდი გამოცდის კარგად ჩაბარება და უნიში ჩარიცხვა. 😀

      • მაშ ასე, მთელი გულით გისურვებ გერმანული ენის დიიიიდი გამოცდის კარგად ჩაბარებას და უნიში ჩარიცხვას! :*

        (ვსო, შესრულებულია ეს ამბავი 100%)

  6. ქეით,

    კიდევ ერთხელ წარმატებები და კიდევ ერთხელ ყოჩაღ, რომ ბოლოს მაინც ის ხარ , რაც გინდოდა და როგორც გინდოდა ❤

    • მაგა ❤ ძალიან ძალიან დიდი მადლობა! ვცდილობ და ვნახოთ, რა გამოვა.

  7. არ გიცნობ, არ ვიცი ვინ ხარ, მაგრად დაახლოებით მივხვდი – როგორი ხარ და აღფრთოვანებული ვარ შენით!!!! გული ამიჩქარდა პოსტის კითხვისას, ერთი სული მქონდა, იმ აბზაცისთვის მიმეღწია, სადაც იტყოდი რომ არ გადათარგმნიდი Verlassung-ს იმიტომ, რომ უკვე გერმანიაში ხარ ^_^ ასე მაშინ მემართება ხოლმე, ძალიან კარგი წიგნის კითხვისას უეჭველ გაგრძელებას რომ ვხვდები და ერთი სული მაქვს დავრწმუნდე, რომ არ ვცდებოდი…. წამის მეასედში ჩაიქრბენენ ხოლმე ჩემი თვალები ფურცლის ბოლოში და ახლაც ასე დამემართა ზუსტად 🙂 უცნობო ქეთო! (ან ქეთი, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ქეთო უფრო თბილად ჟღერს) U did it!!! ყველაფერს აჯობე!!! იყავი მაგალითი ყველასთვის, დაამტკიცე, რომ ძლიერი სურვილი ყველაფერზე მაღლა დგას!!!

    • ვაიმე!!!!! ასეთი კომენტარები რომ მხვდება, ჩემთვის ჩუმად მეღიმება და ცრემლები მომდის ხოლმე. აი ახლაც გერმანიის ერთერთი უნივერსიტეტის ლექციაზე ვზივარ და ამ კომენტარზე გპასუხობ. ძალიან დიდი მადლობა!!! ვერ გადმოგცემ, როგორი სასიამოვნოა, როდესაც შენი ნაწერი ვინმეს ისე მოსწონს, რომ წიგნის ნაწარმოებს ადარებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!

  8. You are awesome and you know that. Congratulations!!! Keep up a good work. ისე მესამე სამსახურში, ნათელი წერტილებიც ხომ ვიყავით 🙂

    • ძალიან დიდი მადლობა :)))
      კი, ნამდვილად იყავით და ვინც ნათელი წერტილები იყავით, იმათთან კონტაქტს არ ვწყვეტ :*

  9. verlassenებით მაქვს თავი მეც გამოტენილი, ამიტომ მესმის ეს ყველაფერი.
    ცვლილებები კარგია, კომფორტის ზონაში არაფერი ყვავის, ქეთო ^_^

    • კი თამო ეგრეა ზუსტად. უკან არ უნდა დაიხიო. ეგ არის და ეგ. verlassen ისე მიტოვებას, დატოვებას, მიგდებას ნიშნავს 😛 მაგრამ მივხვდი, რაც იგულისხმე. ჰოდა, გისურვებ, რომ ყველა შენი გეგმა განახორციელო. ასე მინდა მე!

  10. verlassen-ის გადაგუგლთარგმნა ყველას შეუძლია, მაგრამ მაინც ლამაზი სტატია გამოგივიდა 🙂
    პ.ს. ეს ჩემი პირველი კომენტარია შენს ბლოგზე და იმედია კიდევ მინიმუმ 8 ცალს გამოვაცხობ.

    • ვაიმე ❤ ❤ ❤ გიო!!!! რა საყვარელი ხარ!!!! ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის :*

  11. მეამაყები, აი ასე, შორიდან. ძალიან მომწონს შენი მიზანმიმართულება და დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევ. წარმატებები, ქეთ! ❤ :*
    პ.ს. პოსტის ბოლოს წავედი და ვთარგმნე ეს სიტყვა. პოსტიც შეიკრა ჩემთვის და სიტყვაც ალბათ აღარ დამავიწყდება:)

  12. ქეთი, შენ არ იცი როგორ მიხარია, რომ you did it! and you can do much more! მე მჯერა 🙂 შენ დააღწიე თავი იმ მიჯაჭვულობას, რაც ყველას გვაქვს და შენ დიდი ფიქრის მერე უცებ უფრო ადვიკად შეძელი ეს, ვიდრე შენი წარმდგენით შენზე ძლიერებს და თამამებს შეუძლიათ 🙂 აი ახლა მაგარი გოგო ხარ, მე რომ მომწონხარ ისეთი თითქმის. თითქმის იმიტომ, რომ მეტი შეგიძლია. ენის გაუმჯობესება და მაგისტრატურა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც საკუთარი თავის და გარემოს მორევა ქვია 🙂
    წარმატებები!

    პ.ს. ფბზე ნერვებსაც თუ არ მომიშლი ხოლმე, თლა კაი გოგო იქნები :))

    • აუ ეკა ❤
      აი არც კი ვიცი რა გითხრა!!! ამაზე კარგი კომენტარი რა უნდა წამეკითხა, არც კი ვიცი!!! ძალიან დიდი მადლობა.
      ფბ-ზე რომ ნერვებს ვუშლით ერთმანეთს, ეგეც ნერვების ბრალია. და არა იმის, რომ არ მომწონხარ ან რამე ასეთი სისულელე. ❤ ❤

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s