Agnes Obel და შორი შორე

shoreeeee

როდესაც აგნეს ობელი თავის თხელ, ლამაზ და ნატიფ თითებს პიანინოს შეახებს და ხალებიან კისერს მოიღერებს, პირობას ვიძლევი – ჩემს უბრალო თითებს ჩემსავე ჩვეულებრივ კისერს მოვხვევ, თვალებს დავხუჭავ, თავს სადღაც უკან გადავაგდებ, მოვდუნდები და მხოლოდ ვისუნთქებ. მისი გარეგნობა იმდენად უხდება პიანინოს, თითქოს თავიდანვე იცი, რომ მისი მუსიკაც ასეთივე მიმზიდველი იქნება.

აგნესი კოპენჰაგენელია, დანიაში ის ძალიან უყვართ. თუმცა 2006 წლიდან შეყვარებულთან – ფოტოგრაფ და ანიმატორ ალექს ბრუელ ფლაგშტადთან (Alex Brüel Flagstad) ერთად ბერლინში ცხოვრობს. სწორედ ალექსია მისი რამდენიმე კლიპის რეჟისორიც, მათ შორის “Riverside”-ისაც. 2011 წელი აგნესისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. დანიის მუსიკალურ დაჯილდოებაზე 5 ჯილდოთი დაიმშვენა ხელი: წლის საუკეთესო ალბომი, წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა, წლის დებიუტანტი, წლის საუკეთესო მომღერალი ქალი და წლის საუკეთესო მუსიკა. არადა, რას იფიქრებდა?!

AgnesObel

მისი გარეგნობიდან თუ მუსიკიდან გამომდინარე ის ჩემთვის პატარა, ლამაზი ჩიტია. მისი სიმღერები ხშირ შემთხვევაში ბავშვურია. არადა თქვა კიდევაც ადრე: “საორკესტრო ან სიმფონიური მუსიკა არასოდეს მაინტერესებდა. ძირითადად ვიხიბლები უბრალო მელოდიებით, ბავშვური ჰანგებით. დიდ დროს ვუთმობ ტექსტების დაწერას, რადგან მეჩვენება, თითქოს მუსიკა უკვე რაღაც ამბავს, ისტორიას მკარნახობს, სურათებს მიხატავს.” აგნესისთვის პიანინო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი. “პიანინო და სიმღერა ჩემთვის თანაბარი კომპონენტებია – შეიძლება არა განუყოფელი, მაგრამ მაინც ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. მუსიკა არის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება იმისა, თუ ვინ ვარ რეალურად, სად ვარ”.

shorenaa

ამ ეტაპისთვის აგნესს მხოლოდ ორი ალბომი აქვს გამოშვებული: Philharmonics (2010) და Aventine (2013). კრიტიკოსებს შორის ორივე ალბომმა მოწონება დაიმსახურა. მისი სიმღერები და მუსიკალური ნაწაროებები გამოყენებულია რამდენიმე ფილმსა თუ სერიალში, მათ შორის “Submarino”-სა და “Grey’s Anatomy”-ში. თუ თქვენ აგნესის მუსიკა ერიკ სატის (Erik Satie) შეადარეთ, არ შემცდარხართ. აგნესს ძალიან უყვარს სატის შემოქმედება და გავლენაც ამიტომ იგრძნობა. მანამდე კი იგი ელიოტ სმიტის (Elliot Smith) სიმღერას არანაკლებ კარგად ასრულებს.

Agnes-Obel (1)

აგნესის ქართველი ორეულიც მყავს მე. შორი შორე. შორე ჩემგან შორს – თბილისში ცხოვრობს, ზღაპრის კეთილი გმირია და ლამაზი ოჯახი ჰყავს. მისი ოჯახის მთავარი წევრი ანდრიაა. და სანამ თქვენ ფიქრობთ, რომ მე შორეს მეუღლეს ვგულისხმობ, მანამ მე დაგასწრებთ და გეტყვით, რომ ანდრია შორეს უფროსი ვაჟიშვილია. შორე როგორია? ყველაზე იდუმალი, ვისაც კი ვიცნობ. ყველაზე მისტიკური პერსონაჟი ყველანაირი ზღაპრისა. შორე აგნესს ისე ჰგავს გარეგნობით თუ ტიპაჟით, რომ ხშირად ერთმანეთში მერევა. მაშინ, როდესაც მზე ამოსვლას ჯერ კიდევ ლამობს, შორე ანაზდად ასწევს თავის სხეულს და ანდრიასა და ანასტასიასკენ გაემართება. ხო მართლა, ანასტასია შორეს მეორე შვილია. ანდრიას საერთოდ არ მოსწონს ეს ამბავი. მას თავისი სამყარო აქვს, სადაც ანასტასიას ადგილი ჯერ ვერ მოუძებნა. შესაბამისად, ხშირად მოისმენთ წარბშეკრული ანდრიას რეპლიკებს იმის თაობაზე, რომ ანასტასიას დაბადება არ იყო კარგი იდეა. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც უხარია, რომ ჰყავს ვიღაც ისეთი, ვისაც საკუთარ სამყაროს გმირებს გააცნობს. ანდრიას სამყაროში უამრავ ზღაპრის გმირთან ერთად არაერთი აფთარი და სუპერგმირია.

shoren

შორე ნაზია. აგნესივით ნაზი. შორესაც თხელი, თითები აქვს. ამ თხელ თითებს საოცარი ძალა აქვთ. ამ თხელ თითებს პიანინოზე დაკვრა არ შეუძლიათ. ამ თხელ თითებს სამი ადამიანის მოფერება შეუძლიათ. ამ დახატულ თითებს რომელიმე ბავშვის სახის ხელებში მოქცევა შეუძლიათ. ამ თხელ თითებს საოცარი ამბების დაწერა შეუძლიათ. ჰოდა, შორეც წერს. შორე წერს ჩემთვის, თქვენთვის, ყველასთვის.

shorena

„არ ვარ მე ეგეთი კარგი, ნუ მაქებ!“ – მეტყვის და აქვე საკუთარი თავისგან ეშმაკს დახატავს. „მერე რა“ – ვეტყვი მე და უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, თუ რაოდენ დიდი მსგავსებაა მასსა და ქალბატონ ობელს შორის. შორეს დიდი თვალები აქვს. არა, უფრო სწორად, ძალიან პატარა თვალები აქვს, რომლებშიც დიდი თვალები იმალება. ჯანდაბა, ვერ ვაყალიბებ. აი აგერაა მისი სურათები და მიხვდებით, რას ვგულისხმობ. დიდთვალება ცოლ-ქმრის შვილებიც ასეთები არიან. მაგრამ ანდრიამ დამატებით წარბებით იცის საუბარი. ემოციებს დაკლაკნვით რომ გადმოსცემენ.

Agnes-Obel-79739-E800

მე მაქვს ხოლმე თვისება: სანამ ადამიანს გავიცნობ ან კარგად გავიცნობ, მანამდე იგი გულზე არ მეხატება ხოლმე. ყოველთვის არ მახასიათებს ეს, კიდევ კარგი (თანაც, თავისუფლად არის შესაძლებელი, ახალგაცნობილი ადამიანი გაცნობის შემდეგაც არ მომეწონოს). ჰოდა, აი შორეს შემთხვევაში მქონდა ეს მომენტი. რაც უფრო მეტად ვცდილობდი, საკუთარ თავს ჩავძიებოდი, მით უფრო ვხვდებოდი, რომ ეს სიბრაზე იქიდან მოდიოდა, რომ სადღაც საქართველოში არსებობდა საინტერესო ბლოგერი, რომელიც მე არ ვიცოდი. დიახ, მე უბრალოდ ვერ ვიტან, როდესაც კარგ ბლოგერს არ ვიცნობ! შესაბამისად, ასეთი ბლოგერი არ არსებობს 😀 შორე წიგნების მაღაზია „დიოგენე“-ში გავიცანი. მანამდე მისი სურათები უკვე დათვალიერებული მქონდა. გაცნობისას რა ვუთხარი, არ მახსოვს, მაგრამ რამაც მაშინ მასში მომხიბლა, მისი უბრალოება იყო. უბრალოდ შემოსილი უბრალო ტანისამოსში უბრალო სახის გამომეტყველებითა და უმაკიაჟო სახით. შორე უბრალოა. სრულიად უბრალო. და ჩემი პატარა ჭკუითა და დიდი დაკვირვებით სწორედ ამის გამოა ის არაჩვეულებრივი. მისი ყველა სურათიდან უბრალოება გადმოედინება. და რაც უფრო უბრალოა შორე, მით უფრო იდუმალებით მოცულია. ამასთანავე, შორენა მშვიდი დედაა და ეს სიმშვიდე მისი საუკეთესო თვისებაა.

shoree

შორე ჩემთვის ტყეა. ის ჩემთვის ტყის ბოლოს გამოჩენილი მზეა. იგი ჩემთვის ის რთულად გასაკვალი ტყეა, რომლის ბოლოსაც მზე დამხვდება. ამიტომაცაა შორენა საინტერესო. როდესაც რამეს განიცდის, იგი ტყეს ემსგავსება. შეიმოსება იგი თბილი საბნითა და გრძელი თმებით და ჩუმად განიცდის იმას, რასაც არასოდეს არავის უყვება. შეიმოსება ისე, როგორც ტყის დიდი, მაღალი ხეები იმოსებიან გრძელი ტოტებითა და შრიალა ფოთლებით. შრიალებენ ტყის უთვალავი ფოთლები შორენას თმის უთვალავი ღერებივით. შრიალებენ ყოველთვის, როდესაც ქარი უბერავს; ქარი ნერვიულობისა, ქარი განსაცდელისა, ქარი საზრუნავისა, ქარი გადაწყვეტილებების მიღებისა, ქარი ვალდებულებებისა, ქარი პასუხისმგებლობისა. ქარს წვიმა მოსდევს ხოლმე. და სველდებიან ტყის ყავისფერი-ყვითელი ფოთლები, როგორც შორენას თვალებიდან წამოსული ცრემლებით სველდებიან მისი თმის ყავისფერი-ყვითელი ღერები. შორენას უნდა მალე გალიოს ტყე, მალე გადაიქცეს მზედ და მალე აფრქვიოს სხივები, მაგრამ ყოველთვის ასე მარტივად არ გამოდის ყველაფერი. და თუ გამოდის, შორე არის ყველაზე ბედნიერი არსება მთელ დედამიწაზე.

Agnes-Obel

რომ მკითხოს ვინმემ, როგორია ჩემთვის შემოდგომა, აგნესის ამ სიმღერას ჩავრთავ და შორენას ჭრელ სურათებს დავუყვები. ზუსტად ესაა ჩემთვის ფერადი ფოთლებით აბრდღვიალებული შემოდგომა. თანაც, შემთხვევით კი არ ხდება, რომ ორთავემ შემოდგომის ორი დღე მიყოლებით აირჩიეს დასაბადებლად: აგნესმა – 28 ოქტომბერი, შორემ კი – 29 ოქტომბერი. გეუბნებით, არაფერი არ ხდება შემთხვევით. და აი ზუსტად მაშინ, როდესაც უტა ფოტოაპარატს მოიმარჯვებს, მას არც ალექსი ჩამორჩება.

Agnes-Obel.-credit-Alex-Bru--el-Flagstad

shoreeee

Advertisements

4 thoughts on “Agnes Obel და შორი შორე

  1. სასწაულად კარგი იყო, მრავალ ნოტებად გაშლილი განწყობებითა და ემოციებით… შორენი კი მართლაც საინტერესო ადამიანი ჩანს… მიყვარს მისი პოსტები….

  2. აგნესი არ ვიცი და შორენა მართლა ძალიან მიყვარს! ❤ თავისი ბაიებით.
    რა ესსეა, ქეით! მაგარრრრ.

dsh!

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s