Getting ready for Berlinale

კონკრეტულად რომელი პოსტის შემდეგ ან რა დროს გადავწყვიტე, პირადი ამბებიდან კინოსა და მუსიკაზე გადავსულიყავი, არ მახსოვს. სამაგიეროდ, ვიცი რამ იქონია ჩემზე გავლენა – კინოზე მეწერა. ეს, რა თქმა უნდა, ფილმების მიმართ ჩემი უდიდესი სიყვარულისა  და  ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის (BIAFF) აკრედიტაციის წარმატებით გავლის დამსახურებაა. ჩემი პირადი მოუცლელობის გამო, მხოლოდ ორჯერ მოვახერხე მასზე დასწრება, თუმცა ბლოგერების კონკურსში ორივეჯერ საპატიო ადგილები დავიკავე და პრიზებიც დავიმსახურე. ამის შემდეგ იყო თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი (CineDoc). თავის დროზე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც მინდოდა აკრედიტაციის გავლა, მაგრამ სამწუხაროდ, აქ მოსახვედრად ან გოგი გვახარია უნდა იყო ან რომელიმე მედიის წარმომადგენელი კულტურის დარგში. მე კი ერთი უბრალო ბლოგერი ვარ. სამწუხაროდ, არც გოგი ვარ და საბედნიეროდ, არც ჟურნალისტი 😀

ფილმების მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამოსახატად არ ვაპირებ ქართველი მომღერლების საყვარელი ფრაზებით დაწერაას 😀 თქვენც იცით ეს ფრაზები: “მე ბავშვობიდან ვმღერი. აკვნიდან ვღიღინებ” და ა.შ. 😀 მაგრამ ჩემეული რეალობა ამ ფრაზებისგან შორს რომ არ დგას, ალბათ უკვე მიმიხვდით. Continue reading

Advertisements

Biaff: შემთხვევითი პაემნები

ლევან კოღუაშვილი ის ქართველი რეჟისორია, რომელიც მეტნაკლებად ცნობილია ქართველი მაყურებლისთვის. “ცნობილი”-ს ხსენებაზე ცოტა არ იყოს და მეღიმება. თბილისი პატარაა და პოპულარობის მოპოვება ადვილია, რაც არ უნდა იყოს. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის – “ქუჩის დღეები”-ს შემდეგ რეჟისორმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა და ამ პაუზის შემდეგ ერთიანი ძალებით შეუდგა ახალი ფილმის – “შემთხვევითი პაემნები”-ს გადაღებას.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე შედგა, რაც ქართველი მაყურებლისთვის და თუნდაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.  შემდეგ ფილმი წარმატებით უჩვენეს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო 2013 წლის ნოემბერში აბუ-დაბის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორს სპეციალური პრიზი (სექცია “ახალი ჰორიზონტები”) და ფულადი ჯილდო გადაეცა. 2014 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კი “ფორუმის” პროგრამაში უჩვენეს. მიხარია, რომ ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში მოვახერხე მისი ნახვა, რადგან ფილმი არის საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი. ესეც რომ არ იყოს, ყოველთვის მინდა ფეხი ავუწყო იმ სიახლეებს, რაც მშობლიურ კინოინდუსტრიაში ხდება. მეტნაკლებად მაინც.

ფილმი არის ტრაგიკომედია, რომელშიც ძალიან ბევრი ქართული სატირული მომენტია დაჭერილი. სიუჟეტის მიხედვით, სანდრო არის 40 წელს მიტანებული მარტოხელა მასწავლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. სანდრო, როგორც იტყვიან ხოლმე, საკუთარი თავის უბედური ადამიანია. წარუმატებელი შემთხვევითი პაემნის შემდეგ ის ქობულეთში მიემგზავრება ძმაკაც ივასთან ერთად, სადაც იგი გაიცნობს და შეუყვარდება მანანა, რომლის მეუღლეც ციხეში ზის. მთელი აბსურდისტანი კი ციხიდან თენგოს გამოსვლის შემდეგ იწყება. Continue reading

Biaff: პატარძლები/Brides

ყოველთვის, როდესაც ქართული კინოს ყურებას ვაპირებ, წინასწარ მეშინია, რომ ფილმი არ იქნება კარგი. ეს ერთგვარი სტერეოტიპი მაქვს ასეთი… შიში იმისა, რომ ქართული კინო არ გაამართლებს. ისევ.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები” არის რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი. თინათინი შეეცადა ფილმში გადმოეცა ის რეალობა, რაც სუფევს ქართულ ციხეებში. მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა დედა, რომლის მეუღლე იმყოფება ციხეში და პერიოდულად დადის ქმართან მოსანახულებლად.

ფილმში არაერთი საკითხია ნაჩვენები. მაგ. როგორი რეაქცია აქვთ ქალებს, როდესაც გებულობენ, რომ ქალი სამჯერ არის გათხოვილი ან როდესაც ქალი არ იმყოფება სამოქალაქო ქორწინებაში.

რაღაც მომენტში მთავარი პერსონაჟი – ნუცა ირყევა თავის გრძნობებში, მინი-ფლირტს აბამს მეორე მამაკაცთან და სახლშიც კი მოჰყავს. აზრები გაიყო ამ საკითხის ირგვლივ. ზოგმა ნუცა გააკრიტიკა,ზოგმა კი შეიბრალა და თქვა, ძნელია ახალგაზრდა ქალისთვის მამაკაცური სითბოს გარეშე ცხოვრებაო. ამ მხრივ შეგვიძლია გავიხსენოთ “ჩემი ცოლის დაქალები”-დან ნატაშკას პერსონაჟის ისტორია. ანალოგიური მეორდება აქაც. თუმცა-ღა, ნუცას და ნატაშკას მეუღლეებს შორის რადიკალური განსხვავებაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ადამიანია ციხეში მჯდარი ქმარი, ცოლის საქციელის განხივლა მაინც ხდება სხვადასხვა ასპექტში.

აღსანიშნავია ბავშვების მომენტიც. მათ ნელნელა ავიწყდებათ მამა და ურთიერთობის აწყობას ცდილობენ სხვა მამაკაცთან. მამასთან გაუცხოებას ამჩნევს არა მხოლოდ ნუცა, არამედ ნუცას მეუღლეც. იგი ნელნელა ხვდება, რომ მისი ოჯახი იტანჯება ამდენწლიანი განშორებით და ნუცას იმისაც კი ეუბნება, სამსახურივით მუდმივად ნუ ივლი ჩემთან, არ ხარ ვალდებულიო.

სამსახიობო შესრულება არ მომეწონა. ხელოვნური და არაბუნებრივი იყო. უსულო სიტყვები და სიუჯეტზე ჩამოკიდებული ფილმი. კოცნაც რომ ერიდებათ თითქოს. ნუ მოკლედ.

კარგად არის გადმოცემული ქალების სახეები. ნოტარიუსიდან დაწყებული 18 წლის პატარძლით დამთავრებული. თითოეული ასახავს საქართველოს.

ფილმის დაბოლოება არის გაურკვეველი. რეჟისორი ღიად ტოვებს საკითხს და უფლებას გვაძლევს ფანტაზიას ვუხმოთ. მე კი იმაზე მეფიქრება ხოლმე, ნეტავ უცხოელი მაყურებელი როგორ გაიგებდა ამ ფილმს. პრინციპში ეს კითხვა ყველა ქართულ ფილმის ნახვისას მაქვს. ზედმეტად ქართული სიტუაციები შეიძლება გაუგებარიც კი იყოს უცხოსთვის.

ვისურვებდი ფანტაზიების გასაქანს… ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი, ციხე, ნარკომანები, ძველი ბიჭები, ომი… ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება დაიღალა ამ გადაღეჭილი თემებით.

Biaff: Maddened By His Absence/J’enrage de son absence

როგორ იციან ხოლმე ფრანგებმა მინიმალისტური კადრებითა და მოკლე-მოკლე დიალოგებით დიდი სათქმელის გამოხატვა. აი ახლაც ასეა – ემოციებით “საუბრობს” სანდრინ ბონერი (Sandrine Bonnaire) და გვიხატავს სიტუაციას აბსოლუტური სისრულით. ვაჟიშვილის არყოფნით გაგიჟებული ჟაკი ამერიკაში ცხოვრობს 8-10 წელია. ეს ის პერიოდია, რაც, წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო მისი ძველი ტრაგედიის – შვილის გარდაცვალების მოსანელებლად. თუმცა, ის მაინც ბრუნდება საფრანგეთში მამის გარდაცვალების გამო. მაგრამ ჟაკი ამ ახალ ტრაგედიას უფრო მარტივად ეგუება, ვიდრე იმას, რაც წლების წინ მოხდა. ის შვილთან ერთად ავტო-ავარიაში მოჰყვა და ამის გამოა ის მუდმივ სინდისის ქენჯნას რომ განიცდის. ისიც და მადოც მიხვდნენ, რომ ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ, ამიტომაც ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრება ცალცალკე განაგრძეს. ჟაკი ამერიკაში წავიდა, მადომ კი საფრანგეთში განაგრძო ცხოვრება მეუღლე – სტეფანთან და შვილ – პოლთან ერთად. დაბრუნების შემდეგ ჟაკმა პოლი გაიცნო და მიხვდა, რომ ვაჟიშვილის ჩანაცვლება პოლით შეიძლებოდა. მადო მალევე მიხვდა ჟაკის ჩანაფიქრს და შვილს მასთან ურთიერთობა აუკრძალა. თუმცა, ეს ჟაკისთვის დაბრკოლება არ ყოფილა; ის ფაქტიურად ყოფილ მეუღლეს სახლში ჩაუსახლდა.

ალექსანდრა ლემი ისაა, ვინც, ჩემის აზრით, მეუღლის ჩრდილშია მთელი ეს წლები. მისი მეუღლე ვინ არის? – მმმ, ამაზე ბოლოს. თუმცა, იმას ვიტყვი, რომ მისი მეორე ნახევარი 2012 წლის მონაცემებით ყველაზე კარგი მოცეკვავეა მსახიობებს შორის და ყველაზე კარგი მსახიობია მოცეკვავეებს შორის. თუმცა, ეს მერე. ჯერ ის ვთქვათ, რომ მადოს როლი ალექსანდრას ძალიან მოუხდა. დრამატიზმით გადმოსცემს ემოციას და მაყურებელიც გულგრილი არ რჩება მისი ყვირილისა თუ ტირილის მიმართ.  Continue reading

Biaff: გულახდილი/Frank

10 თუ 11 წლის ვიქნებოდი, როდესაც ექსკურსიაზე მივყვებოდი მეგობარ კლასს. ერთ მოსწავლესთან ჩემი ინიციატივით მივედი და გადავკოცნე, რამდენიმე წუთში კი მამაჩემმა დამიბარა თავის მანქანასთან და მითხრა: “პირველი შენ არასოდეს მიხვიდე ადამიანთან გადასაკოცნელად.” იმ მომენტში საკმაოდ გავბრაზდი და რა თქმა უნდა, შევიცხადე. წლების შემდეგ კი ნელნელა უფრო ძლიერ დავრწმუნდი მამაჩემის სიტყვების სისწორეში. თუმცა ცხოვრება ისეთი უცნაური რამეა და ხალხი – ისეთი მრავალფეროვანი, რომ არც მამაჩემის 100%-იანი დაჯერება ყოფილა და არც 100%-იანი არდაჯერება. მას შემდეგ სიტუაცია სულ თავად მკარნახობს როგორ მოვიქცე. ერთი კი ისაა, რომ არ ვცდილობ ვიმეგობრო იმ ადამიანებთან, ვისაც ეს არ უნდა.

ბათუმის საავტორო კინოს მე-9 საერთაშორისო ფესტივალმა წარმოგვიდგინა ლენი აბრაჰამსონის ფილმი “Frank”, რომელშიც ის საკითხია წამოწეული, რაზეც ზევით ვისაუბრე. ჯონი ერთი ინგლისელი მუსიკოსია, რომელიც თავს კარგ მუსიკოსად მიიჩნევს და ზუსტად ამიტომაც ის ყველაფერს აკეთებს, რომ პატარა ქალაქის ყოველდღიურ ერთფეროვნებას თავი დააღწიოს. ის მოულოდნელად გაიცნობს ექსცენტრიულ როკ-ჯგუფს, რომლის წევრებიც დათანხმდებიან მის ჯგუფში აყვანას. ზუსტად ამის შემდეგ მის ცხოვრებაში თავგადასავლების რაოდენობა მატულობს. თუმცა ჯონი არ მოსწონთ და ნებისმიერი მეთოდით ცდილობენ მისი თავიდან მოშორებას. ჯონი კი მთელი მონდომებით ცდილობს ჯგუფს დაანახოს, თუ როგორი კარგი ადამიანი და მუსიკოსია იგი. ჯგუფის ლიდერია Frank-ი, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული. სწორედ ამის გამო იგი მუდმივად უზარმაზარი პაპიე-მაშის თავით ცხოვრობს. ჯონს ხშირად უჩნდება ფრენკის რეალური სახის ნახვის სურვილი, თუმცა ამაოდ. ჯგუფში გამუდმებით კრიზისული სიტუაციებია, რაც ფრენკს უფრო მეტად აგდებს დეპრესიაში. თუმცა, მთელი ჯგუფი მაინც ღრმად არის დარწმუნებული, რომ ფრენკი გენიალური მუსიკოსია. რეალურად კი ფრენკი ერთი აუტისტი, ემოციური ინტროვერტია, რომელიც საბოლოოდ ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მისი აუტისტობიდან გამომდინარე, გასაკვირი არც არის. ჯონის კი უკვე ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ფრენკი რეალურ ცხოვრებას დააბრუნოს. Continue reading

Biaff: Suzanne ანუ კარგი გოგოს ცუდი ცხოვრება

როდესაც 1966 წელს კანადელი მუსიკოსი – ლეონარდ კოენი (Leonard Cohen) სიმღერის სტრიქონებს წერდა, მაშინ ის თავისი თანამემამულე მეგობრის, სკულპტორისა და მხატვრის  – არმან ვაიანკურის (Armand Vaillancourt) მეუღლით – სიუზან ვერდალით (Suzanne Verdal) იყო მოხიბლული. არადა, 70-იანების დასაწყისში კოენი ამერიკელ სიუზან ელროდზე (Suzanne Elrod) დაქორწინდა, თუმცა არავის მოსვლია აზრად ეს სიმღერა მის მეუღლესთან დაეკავშირებინა. 90-იანებში კოენი BBC-ის გამოუტყდა: “მოულოდნელად, მე ჩემი მეგობრის მეუღლე – სიუზანი შემიყვარდა. ეს იყო მონრეალის გამორჩეული წყვილი: სიმპატიური მამაკაცი და ლამაზი ქალი. ყველა მამაკაცს უყვარდა სიუზანი და ყველა ქალს უყვარდა არმანი. აქ ისეთი მომენტი იყო, როგორ ვთქვა… გამუდმებული ფიქრები სიუზანის შესახებ, მაგრამ არანაირი რეალური შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, არმანი ჩემი მეგობარი იყო. მეორეც, წყვილს იმდენად მყარი ურთიერთობა ჰქონდა, რომ შენ ვერ შეიჭრებოდი და ვერ გაარღვევდი ამ ძლიერ კავშირს. ერთ დღესაც სიუზანს შემთხვევით გადავეყარე და მან მე მდინარის პირას დამპატიჟა. მას პატარა სხვენი ჰქონდა და სხვენის ქვევით სივრცე, სადაც ის ჩაით გამიმასპინძლდა. ჩაის ფორთოხლის ნაჭრები ჰქონდა. მდინარეში ნავები სეირნობდნენ, მე კი ჩემს წარმოსახვაში სიუზანის სხეულს ვეხებოდი. მისი შეხების სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობდა. აი აქედან მომდინარეობს ამ სიმღერის სათაურიც და ტექსტიც.”
Suzanne takes you down to her place near the river
You can hear the boats go by
You can spend the night beside her
And you know that she’s half crazy
But that’s why you want to be there
And she feeds you tea and oranges
That come all the way from China
And just when you mean to tell her
That you have no love to give her…

Continue reading

Biaff: Waiting For Mother

2 თვის წინ რომში ვიყავი. რომი ისაა, სადაც ყველა გზა მიდის. ყოველ შემთხვევაში ერთმა ქართულმა ოჯახმა ასე გადაწყვიტა. აი იქ, პანთეონიდან ლამაზი, ვიწრო ქუჩებისკენ ერთი ქართველი ბიჭი მუშაობს. შემთხვევით ჩვენი საუბარი გაიგონა და უი, ქართველებიო. შემდეგ იმ კაფეში დავსხედით, სადაც ის მუშაობს. მთელი მისი ამბავი მოგვიყვა, მისი ოჯახის. მისი ოჯახის წევრებიც რომში არიან და მუშაობენ. საქართველოს ხსენებაზე ცრემლი ადგება და გულის რომელიღაც კუნჭულში აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

რუმინელმა რეჟისორმა – თეოდორა მიჰაიმ ამ საკითხის შესახებ ფილმი – “Waiting For August” გადაიღო. ფილმის მიხედვით დედა იტალიაში მიდის სამუშაოდ და რუმინეთში ტოვებს 7 შვილს. ერთადერთი, რაც შეუძლია ასეთი შორი მანძილიდან გააკეთოს – ესაა შვილებთან დარეკვა და საჩუქრების გამოგზავნა.

მის უფროს ქალიშვილს 15 წელი უსრულდება. ყველაზე მეტად მას აწევს და-ძმის მოვლა-პატრონობის ტვირთი. ხშირ შემთხვევაში ის დაღლილია ამ ზედმეტი პასუხისმგებლობით და ცდილობს მეგობრებთან გაერთოს. თუმცა, ხშირად ამას ვერ ახერხებს, რადგან და-ძმას უნდა მოუაროს.

ფილმი არის დოკუმენტური, მან Karlovy Vary International Film Festival-ზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმის რანგში პრიზი აიღო. ჩემთვის კი ეს არის არადინამიური ფილმი, რომლის შინაარსი არის აბსოლუტურად არააქტიური და არასიუჟეტური. გადმოცემულია 7 და-ძმის თანაცხოვრება. პარალელები გავავლე საქართველოსთან.

საბოლოოდ კი დედა ბრუნდება და შეიძლება ეს ვიღაცისთვის happy end-ად ჩაითვალოს. თუმცა, მეორე საკითხია სამშობლოში რას აპირებს?! რით აპირებს ოჯახის რჩენას?!

Biaff: Lost in Karastan

ყოვეთვის მოგზაურობისას, რომელიმე უცხო ქვეყნის უცხო აეროპორტში ჩასვლისას ვფიქრობ ხოლმე, რამე გაუთვალისწინებელი, უცნაური და უსიამოვნო არ შემემთხვეს. პასპორტი და ჩანთა მყარად მიჭირავს და მთლიანად მობილიზებული ვარ. ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, როდესაც სიურპრიზებისთვის არ მცხელა. თუმცა, სიურპრიზებს რა გამოლევს და მითუმეტეს, უცხო ქვეყანაში.
რას წარმოვიდგენდი, თუ თავგადასავლები კარასტანში ჩასვლისას მელოდა.
გამარჯობა, მე ემილ ფორესტერი ვარ. ძირითადად ინგლისელი რეჟისორი, არაძირითადად კი მშვიდი ადამიანი, რომელიც მისდევს ცხოვრების ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ტემპს. ბოჰემა და სიგიჟეები საჩემო არ არის. სადმე რომელიმე წვეულებაზე ყოფნას მე მირჩევნია ჩემი ძაღლი ვასეირნო ლონდონის ბინდიან ქუჩებში. სევდიანიც ვარ, კი. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს ცუდია. სხვანაირი როგორი იქნება ადამიანი, რომლის ქვეყანაში ძირითადად ცივი ამინდებია?!

კარასტანის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია. ამიტომ ფრიად გაკვირვებული დავრჩი, როდესაც დილის რომელიღაც საათზე ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ქალის სასიამოვნო და მშვიდმა ხმამ მის ქვეყანაში დამპატიჟა. რა უცნაურია არა? იღებ ფილმს, ხდები ცნობადი და ახლა უკვე ყველამ იცის შენი ტელეფონის ნომერი. წესიერად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ერთი ის გავიგე, რომ კარასტანში ფილმების ფესტივალზე უნდა ჩავსულიყავი. კარგი, წავალ, ცოტას გარემოს შევიცვლი. ცოლთან განშორების შემდეგ ეს ნამდვილად მჭირდება.

აეროპორტში დროზე გამოვცხადდი. ფრენასაც არაუშავდა. გზად ჩემს სახლსა და ძაღლზე ვფიქრობდი, არ მიყვარს ქვეყნიდან დიდი ხნით გასვლა და იმედი მაქვს, მალე მოვახერხებ დაბრუნებას. ჩავედი! აეროპორტი დიდი არაფერი, როგორც ვხვდები, ქვეყანა საკმაოდ ღარიბია. ნებისმიერი ქვეყნის სახე არის მისი აეროპორტი. თუმცა ეგ არაფერი, ყველას ხომ არ ექნება Heathrow-სნაირი შენობა-ნაგებობა. პასპორტის კონტროლისას რატომღაც პრობლემა მექმნება. ვერ გავიგე, რა ხდება. უცბად ფეხსაცმლის გახდას მთხოვენ, ხელს მავლებენ და სადღაც მივყავარ. დავიბენი, არაფერი დამიშავებია. ან რას დავაშავებდი, ეს წუთია კარასტანში ჩამოვედი…

Continue reading

Biaff: გამოსასწორებელი საზოგადოება

ამასწინათ ჩემმა მეგობარმა Facebook-ზე დასვა კითხვა, თუ რატომ ვკითხულობთ წიგნებს. კომენტარიც ბევრი დაიწერა და სტატუსიც ბევრმა მოიწონა, მაგრამ სტატუსის არსს რამდენი ჩაწვდა, ეგ არ ვიცი.
ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, დავდივართ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტებში, ვიწყებთ მუშაობას, ვქმნით ოჯახებს, ვაჩენთ შვილებს და შემდეგ ყველაფერი იგივ ჩვენი შვილების შემთხვევაში: ისინი იბადებიან, იზრდებიან, დადიან სკოლაში…. და ა.შ.


ჩემს ამხანაგ გოგოს, რომელიც შშმ პირია, პრობლემა შეექმნა რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ბათუმში გადაფრენასთანისას. ჯერ იყო და ავიაკომპანიის თანამშრომლები აბსოლუტურად მოუმზადებლები შეხვდნენ ასეთი ადამიანის ტრანსპორტირებას, და ბონუსად “ავადმყოფადაც” მოიხსენიეს. ცხოვრება წინ მიდის, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს. თუმცა მხოლოდ სიახლეებისთვის ფეხის აყოლა არაფერს ნიშნავს, თუ ხალხი მენტალურადაც არ განვითარდა.

25 წლის რუსმა რეჟისორმა – ივან ტვერდოვკიმ 2014 წელს გადაიღო ფილმი “გამოსასწორებელი კლასი/Класс Коррекции”. შეიძლება ითქვას, რომ თავისი ასაკისთვის ივანმა დიდი ნაბიჯი გადადგა.


ფორმალურად ეს შეიძლება ჩაითვალოს სასკოლო ფილმად. 2 მოზარდს უყვარდება ერთმანეთი, რამაც მასწავლებლებში უდიდესი პანიკა, ხოლო თანაკლასელებში კი უდიდესი ზიზღი გამოიწვია. ეს არის გამოსასწორებელი კლასი, სადაც სწავლობენ ფიზიკურად თუ გონებრივად დაზარალებული ბავშვები. ისინი აქ გაერთიანებულები არიან საერთო უბედურებით და ცდილობენ მიაღწიონ ერთს – ადგილს ნორმალური ადამიანების გარემოცვაში. და მუდმივად ისინი ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ისინი იმსახურებენ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრებას. მასწავლებლები კი აბსოლუტურად შეუფერებელნი არიან. ისინი ვერ ფლობენ სიტუაციას და ვერ ხვდებიან რას და რატომ აშავებენ. თუნდაც ბიოლოგიის გაკვეთილზე, მასწავლებელი ცდილობს გადაახტეს სექსის ახსნის პროცესს, მას ამ თემაზე საუბრისას ხმა უკანკალებს და ერთი სული აქვს, გასცდეს ამ საკითხს. ასეთ ხალხს ალბათ ღრმად სწამს, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ იყო.

correction class

ახალი მოსწავლის – ლამაზი, თუმცა პარალიზებულფეხებიანი ლენას მოსვლა კლასს თითქოს აცოცხლებს. მალევე ლენას შეუყვარდება ანტონი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს გოგონას მიმართ. ამ სიყვარულს კი ყველა უპირისპირდება. ყველა ცხვირაწეული უყურებს “ინვალიდ” ლენას და მოიხსენიებენ მას “ბორბლებიან” ადამიანად.
რაღაცით ამ ფილმს დოკუმენტურ ფილმადაც კი ჩავთვლიდი. ის ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომლის შესახებ ქართული და რუსული საზოგადოება სდუმს.

მარინა პოეზჟაევა (ლენა) და ფილიპ აბდეევი (ანტონი) ცდილობენ ერთმანეთის მიმართ გაჩენილი თავდაპირველი ლამაზი ურთიერთობა შეინარჩუნონ. ისინი ფაქტიურად მშობლიურები ხდებიან ერთმანეთისთვის, შენ კი უყურებ მათ ქცევებს და უკვე უსიტყვოდ გესმის მათი. ფილმს სცენარი არ აქვს, არის მხოლოდ იმპროვიზაცია და ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ არა როლებს, არამედ ითავისებენ გარემოებას. მსახიობები მხოლოდ ინტონაციებს აძლევენ თავიანთ პერსონაჟებს, რომ უკეთესად გადმოსცენ არსებული ვითარება. იგივე ეხებათ მასწავლებლებისა და მშობლების როლების შემსრულებელ მსახიობებს. მისი კი რთულია: უნდა ითამაშო ნორმიდან გადახრილი ადამიანი ისე, რომ ის ნორმალურ ადამიანად აქციო. საჭიროა, რომ შშმ პირის თვალით შეხედო სიტუაციას.

და სად არის იმედი? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ჩნდება. მისტიკური, თითქმის უხილავი,თუმცა ისეთი იმედი, რომელიც გაიმარჯვებს. ეს არის ირაციონალურის გამარჯვება ირაციონალურზე; თავისუფლება, რომელიც ჩვენ გველოდება მაშინ, როდესაც თითქოს ყველანაირი იმედი შეიძლება მოვკდეს; შუქი გვირაბის ბოლოს, რომელსაც მხოლოდ ისინი ხედავენ, ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს და თავიდან დაიბადნენ.

Biaff: მოწყვეტილი ვარსკვლავი თუ სექსი გადარჩენისთვის

მეფეებზე ფიქრისას, სულ ის მახსენდება – ტახტზე როგორ დიდებულად სხედან და ბრძანებებს გასცემენ. ბალ-მასკარადებისა და ლამაზი კაბების ორომტრიალში კი იმდენი ინტრიგა იხლართება. წარმოიდგინეთ სასახლე, სადაც არანაირი გართობა-მასკარადი არ იმართება და სამეფო კარის ცხოვრება საკმაოდ დუნედ მიმდინარეობს. სწორედ ამის ჩვენება გადაწყვიტა ესპანელმა რეჟისორმა ლუის მინარომ (Luis Miñarro).

ფილმის მთავარი მოქმედი პერსონაჟი იტალიიდან ესპანეთში დაბრუნებული ამადეოა, რომელიც არის ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე. გამეფების შემდეგ მის ცხოვრებაში არაფერი იცვლება. ის არ წარმოადგენს ესპანელი ხალხისთვის მნიშვნელოვან ფიგურას. მეტიც, მას პატივს არავინ სცემს. მომსახურე პერსონალი მასთან მეგობრობს ისე, თითქოს არანაირი ბარიერი არ არსებობდეს. რომელიღაც პერსონალმა წერა-კითხვა არ იცის, სამაგიეროდ ის იდეალურია სექსისთვის. რომელიღაც პერსონალი გადის სასახლის ბაღში და მასტურბირებს ნესვის თუ საზამთროს საშუალებით, შემდეგ კი ამ საზამთროს მეფეს მიართმევს სუფრასთან.

სექსი ვახსენე და დავსძენ იმას, რომ იგი სამეფო კარში მცხოვრები ადამიანების ერთადერთი გართობისა და თავშექცევის საშუალებაა. სიტუაცია ოდნავ იცვლება, როდესაც ესპანეთში ამადეოს მეუღლე – მარია ვიქტორია ჩამოდის. თუმცა დედოფალი დიდხანს ვერ ძლებს გარემოში, სადაც მის მეუღლეს ფასი და წონა არ გააჩნია.

ესპანელი ხალხი კი სისხლიანი მეთოდებით ცდილობს მეფის ჩამოშორებას, რომელსაც კინაღამ ეწირება.

Biaff: გახსნის ფილმი, სერგო ფარაჯანოვი

სერგო ფარაჯანოვი ისაა, ჯერ კიდევ რომ ვერ გაგვირკვევია ქართველი იყო  თუ სომეხი. სომეხს უნდა სომეხი იყოს, მე კი მინდა – ქართველი იყოს. თუმცა მალევე მეცინება ამ არარსებულ კამათზე და მირჩევნია იმაზე ვიფიქრო, რომ ის გენიოსია განურჩევლად იმისა, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის. ჩემი აზრით, ის სრულიად კავკასიის მთების შვილია. მისი ხელწერა იციან სომხეთშიც, საქართველოშიც, უკრაინაშიც, რუსეთშიც, საფრანგეთშიც. ამ ჩანაწერს ვაკეთებ ისე, რომ არანაირი პირადი ინფორმაციები არ მომიძიებია მის შესახებ და არცერთი მისი ფილმი ნანახი არ მაქვს. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია ჩემი მხრიდან.

Sergei Paradjanov როგორც ის გუგლში იძებნება. მმმ, არა. ჩემთვის ის სერგო ფარაჯანოვია. ადამიანი, რომელსაც მე პირადად მივიჩნევ ქართულ კინემატოგრაფიაში სურეალიზმისა და განსხვავებული სილამაზის შემომტანად. მისი სახე ჩემთვის უკვდავყოფილია იური მეჩითოვის სურათებში და როდესაც თბილისის ძველ, ლამაზ უბნებში დავდივარ, მაგალითად სოლოლაკში, ასე მგონია, სერგო ჩემ უკან დადის და ფილმს იღებს.

წელს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი სერგო ფარაჯანოვის ფილმით “ამბავი სურამის ციხისა” იხსნება, სადაც მთავარ როლში რეჟისორის მუზა და ჩემი საყვარელი მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ასრულებს. წელს ფარაჯანოვს 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ ფილმით კი მინდა მისი გაცნობა დავიწყო. სრულყოფილი გაცნობა.

რად უნდა ორი სათაური?!

ალბათ საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნანახი არ აქვს გენიალური ფილმი “ცისფერი მთელი ანუ ტიანშანი (დაუჯერებელი ამბავი). ელდარ შენგელაიას სხვა რომ არაფერი გადაეღო, ამ ფილმით შევიდოდა ისტორიაში და ასეც მოხდა. ძნელია, ასე ზუსტად ასახო ის, რაც შენს ირგვლივ ხდება. ასახო ისე, რომ არ გეშინოდეს საბჭოთა კავშირის დროს გამეფებული ტირანული დამოკიდებულებებისა. ასახო ისე, რომ არ გამოტოვო არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი.

 

ეს ელდარ შენგელაიაა. თავისი ცხოვრებით. თავისი დამოკიდებულებებით. თავისი ისტორიებით. უყურეთ და ისიამოვნეთ.

 

 

 

 

 

კომენტარი გზაში დამაწიეთ :)))

ფღანგული ქათამი ქლიავით/Chicken with Plums

ახლა ვზივარ და ვფიქრობ ამ ფილმზე წერა როგორ დავიწყო. საკვირველი ის იქნებოდა, ადვილად რომ ვიწყებდე და შესაბამისად, ადვილად ვამთავრებდე.

გამარჯობა, მე ისევ ის ვარ, ფილმებს რომ მიკროსკოპით უყურებს. სულ რომ მეშინია, რამე მომენტი არ გამომეპაროს. და მუდმივად და ფარულად ვოცნებობ ყველა ერთხელ ნანახი ფილმის მეორეჯერ ან მესამეჯერაც ნახვას.

დავწერე რამდენიმე ფილმზე და კიდევ სხვებზეც დავწერ, მაგრამ ბარემ ახლა ვიტყვი, რომ მთელი Biaff-ის განმავლობაში ყველაზე მეტად Chicken with plums მომეწონა.

ამ ეტაპისთვის თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ კომედიური ჟანრის წიგნებზე გადაღებული აბსოლუტურად ყველა ფილმი ნახეთ და ყველანაირი მარაგი ამოწურეთ, მაგრამ “ქათამი ქლიავით” განსხვავებულია. ეს არის გრაფიკული ნოველა, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, რომელიც 50-იანი წლების თეირანში ვითარდება. მთავარი მოქმედი გმირი ვირტუოზი მევიოლინე ნასერ ალი არის, რომელსაც უთანხმობა აქვს ცოლთან, მოთმინება არ აქვს შვილებთან და კარგავს ცხოვრების სურვილს. ეს არის მოგონებებისა და საიდუმლოებების უცნაური და საოცნებო შერწყმა. მაგრამ ეს ყოველივე ერთიანდება, რათა გვიამბოს უნივერსალური ისტორია სასიცოცხლო ვნებების, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და გულისტკივილის შესახებ.

ფილმი გადაიღო მისმა ავტორმა, მარჯანე სატრაფიმ, ირანიდან პარიზში გადასულმა გრაფიკოსმა, ნოველისტმა და ბავშვთა წიგნების ავტორმა. სხვათაშორის, მარჯანე 2007 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული მის მიერ დაწერილი საბავშვო წიგნის “Persepolis”-ის ანიმაციური ეკრანიზაციისთვის.

ფილმი ვიზუალურად ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. თუნდაც მისი კოსტუმები. “მე ილუსტრაციების სამყაროდან ვარ და მიყვარს, როდესაც ხელით ვმუშაობ” – ამბობს სატრაფი. “როდესაც მე ვქმნი ფილმს, მე ყურადღებას ვაქცევ თითოეულ დეტალს. აგურის ფერიდან დაწყებული ქალის კაბით დამთავრებული.  ფეხსაცმლის ზონარიც კი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ფილმი რა თქმა უნდა, ირანში არ უჩვენებიათ სახელმწიფოებრივი ცენზურის გამო, თუმცა ამ ფაქტს არ უმოქმედია რეჟისორზე. “ირანელები ყველანაირ ფილმებს ნახულობენ” ამბობს მარჯანე. “როდესაც ფილმი გამოდის ამერიკაში, 2 დღის შემდეგ ის გამოდის ირანში, ასე რომ, რა თქმა უნდა, ისინი ნახავენ ამ ფილმს. ”

გიორგი პალფისთან მქონდა დისკუსია ამ ფილმის შესახებ და დიდად არ მოიხიბლა. “ამელი”-ს ჰგავსო. კი, მართალია ვეთანხმები, მაგრამ მე ის მაინც ძალიან მომეწონა. ალბათ ბერნეტიც წააგავს ტირსენს. არ ვიცი, არ ვიცი.

თითქმის მამაკაცი/Almost Man

– შეგიძლია იცეკვო ირონიის გარეშე???
– რა??? ეს ჩემი საუკეთესო მოძრაობებია.
– შეგიძლია???
– რა თქმა უნდა.
– მაჩვენე.

ფილმი ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებაზე.
არადა რამდენჯერაც მიფიქრია ამ თემაზე, იმდენჯერ ზუსტად ასე წარმოვიდგინე. ოოოჰ, მართლა რა რთულად არის ყველაფერი. კითხვა მაქვს… მამაკაცი რატომ ანდომებს გაზრდა/ჩამოყალიბებას??? არადა 35 წელი უკვე ის დროა, როდესაც უკვე გააზრებული უნდა გქონდეს ბევრი რამ. თუნდაც ის, რომ ფეხმძიმე ცოლთან თუ შეყვარებულთან სექსი არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი. “გული მერევა, შენ კი მხოლოდ ამაზე ფიქრობ” – არადა მართლა რა სასიამოვნო უნდა იყოს სექსი, როდესაც გული გერევა და საკუთარი თავი გეზიზღება, არათუ სხვა.
35 წლის ზრდასრული მამაკაცი კი ამას ვერ ხვდება. ოოოჰ. არადა ნუთუ ასე რთული მისახვედრია??? რატომ უჭირთ ხოლმე მამაკაცებს ქალის მდგომარეობაში შესვლა??? ერთი უარი და კაცი სხვაგან ცდილობს სიმშვიდის მოპოვებას. სიმშვიდე კი არა და shelter როგორ არის ქართულად??? რუსულად რომ убежище არის, იმას ვგულისხმობ. თავშესაფარი უნდა დამეწერა, მაგრამ თავშესაფარი სხვა რაღაცაა მაინც და აი убежище არის ის, სადაც პოულობ ყველაფერ იმას, რაც რატომღაც არ გაქვს საყვარელ ადამიანთან. არადა თავის დროზე ხომ თავად ამოირჩიე ასეთი ცხოვრება, ეს ადამიანი…

სამსახური… ხო, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თანაც ახალი სამსახური, ახალი კოლექტივი, ახალი პასუხისმგებლობები. თითქოს რაღაცნაირი უხერხული მომენტია, როდესაც კოლეგა ქალი არის ის, ვინც შენ წინ გწევს, გაწინაურებს. ოოოჰ, არ ვიცი. მე ისევ ის ადამიანი ვარ, ვისთვისაც ასეთი “არაფერი” მამაკაცი მიუღებელია ხოლმე. არ ვარ ის ტიპი, რომელიც ზურგზე მოიკიდებს მას და მუდმივად მის კეთილდღობაზე თუ სიამოვნებაზე იფიქრებს. მითუმეტეს 35 წლის მამაკაცს.

მიდრეკილება ბოჰემური და არასერიოზული ცხოვრებისკენ სულაც არაა მოსაწონი. თან ყველგან. საუნაში, საღამოს მეგობრებთან, სამსახურში. სახლში კი პატარა, ჩამოუყალიბებელი ბავშვივით ქცევა. არა, მადლობა.

უპასუხისმგებლო ადამიანი, რა უნდა მოხდეს, რომ საყვარელი იყოს. დაუფიქრებელი და უბრალოდ უუნარო საიმისოდ, რომ ბევრი დეტალი გააანალიზოს. ბევრ დეტალზე დაფიქრდეს.

ქალი კი ამ ყველაფერს განიცდის და რაღაც მომენტში ხვდება, რომ მეტის გაძლება აღარ შეუძლია. პლუს, ყველამ იცის, რომ ფეხმძიმობისას ქალი ძალიან სენსიტიური ხდება ხოლმე. მამაკაცი კი ეგოისტია მუდმივად.

საბოლოოდ, ფილმი მთავრდება დასაწყისით. ანუ ხელახალი “hi”-თ, რაც ამ ორ ადამიანს შორის ახალი ურთიერთობის პირველი ეტაპია. ამაზე ჩემი ერთი საყვარელი სიმღერიდან ერთი ფრაზა მახსენდება: “do you believe in second chance?”. არ ვიცი. ეს საკითხი იმდენად ჩემეულია და ამავდროულად ისე შორს მინდა ამისგან ვიყო.

მარტინ ლუნდმა კი გადაწყვიტა წყვლისთვის მეორე შანსი მიეცა. იმედია, не зря.

სახლი კოშკურით/House with a Turret

ყოველთვის, როდესაც საბჭოთა კავშირს ვიხსენებ, გაუთავებელი პურის რიგები მახსენდება ხოლმე. ეს ისე, თორემ ძირითადი ასოციაციებია ომი, ჯარისკაცები, სიკვდილი, ქვემეხები, იარაღები და სევდა. გაჭირვება კი მუდმივადაა. ომითაც და მის გარეშეც. განსაკუთრებით კი ჩვეულებრივი ხალხი იჭყლიტება. უიმედობითა და დიდი სევდით აღსავსენი რომ ცდილობენ რაღაცას მიაღწიონ, ტალახში არ ჩაიძირონ და როგორმე ბოლომდე ზიდონ ცხოვრების მძიმე ჭაპანი.

უკრაინელი რეჟისორის – ევა ნეიმანის “სახლი კოშკურით” ზუსტად ამ თემას ეხმაურება. ფილმში აღწერილია 8 წლის ბიჭის მძიმე ცხოვრების შესახებ, როდესაც ის დედასთან ერთად ბაბუასთან მიდის მატარებლით. თუმცა ტიფის საშინელი გამწვავების გამო აუცილებელი ხდება დედის ერთ-ერთი მიყრუებული სოფლის საავადმყოფოში განთავსება. ფილმი თავიდან ბოლომდე აწყობილია ბიჭის თვისებებზე, ქცევებზე, ემოციებზე და გადაწყვეტილებების მიღების სისწორეზე. პირადად ვერ წარმომიდგენია 8 წლის ბავშვი ასეთი საზრიანი როგორ უნდა იყოს. პლუს, ვერ წარმომიდგენია 8 წლის ბავშვი,რომელიც ასე კარგად თამაშობს.

ფილმში გაჭირვების ხაზის გარდა კარგად არის გამოკვეთილი დაუნდობელი ხალხის სახე. თუნდაც ის, რომ ვიღაც მფარველობს ბავშვს მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ნახოს სარგებელი. ვიღაც ბავშვს ფულს სძალავს. ბავშვი კი იმას განიცდის, რომ ის ჩანთა დაეკარგა, რომელშიც გარგრის მურაბა ედო.

აღარ მოვყვები შინაარსს. ვცდილობ არ ვისპოილერო და უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ბავშვის დედის როლის შემსრულებელი რუსი მსახიობი ეკატერინე გოლუბევა გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზში კი დეპრესია უწერია. არ ვიცი, ეს ფილმთან რა კავშირშია, მაგრამ ჩემთვის ეს დამატებითი სენტიმენტალიზმის მომტანია. She had a long term battle with depression-ო, imdb.com-ი გვამცობს. სამი შვილი დარჩა და სამივე სხვადასხვა მამაკაცისგან. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ნაბოლარა ნასტიას ეკატერინეს ყოფილი შეყვარებული ფრანგი რეჟისორი ლეო კარაქსი ზრდის. (ლეო კარაქსზე მომდევნო პოსტებში შემოგთავაზებთ პოსტს მის საფესტივალო ფილმ “Holy Motors”-თან დაკავშირებით.)

ფილმი ძალიან მომეწონა. თუ მოვახერხე, იქნებ მოერეჯერაც ვიხილო. ნანახი ფილმებიდან ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთია, რომელიც ძალიან მომეწონა. ამ ეტაპზე მხოლოდ მასვგულშემატკივრობ, თუმცა სანახავი ფილმები კიდევაა, ასე რომამ ეტაპზე მოვერიდები დასკვნითი აზრის გამოტანას.

ბლოგერთა workshop და ფესტივალის ოფიციალური გახსნა

15 სექტემბერს, შეიძლება ითქვას, რომ სტარტი აიღო ბათუმის საავტორო კინოს მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალმა. საღამოს შევიკრიბეთ ბლოგერთა დაახლოებით 20 კაციანი შემადგენლობა ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად და გავმართეთ დებატები. საკითხი ეხებოდა სოციალური მედიის როლს ქართულ რეალობაში. ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს უკვე არც ტელევიზიას, არც რადიოს, არც ქუჩაში გამოფენილ ბილბორდებს – ანუ სამივეს ერთად აღებულს წონა არ აქვს და მარკეტინგის მხრივ არაფერი ხეირი არ მოაქვს, თუ რეკლამა არ განთავსდება ვირტუალურ სივრცეში. ხოლო სოციალური მენეჯერთან მიახლოებული “პროფესია” მოგეხსენებათ, რომ არის ბლოგერობა. შეხვედრა დაიწყო იმით, რომ დავიწყეთ სოციალურ სივრცეში ინფორმაციის გავრცელების მეთოდებით. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტუალური არის facebook, შემდეგ საკუთარი ბლოგები (რადგან ამ ბლოგპოსტების გავრცელება ისევ და ისევ facebook-ზე ხორციელდება) და შემდეგ twitter. ამასთანავე ძველი ამბავია ის, რომ შეგვიძლია სამივე ადგილას მარტივი მეთოდით დავდოთ ერთი და იგივე ინფორმაცია. განვიხილეთ, თუ რა სარგებლობას მოუტანს ბლოგერი ბათუმის კინოფესტივალს და ზოგადად მის პოპულარიზაციას ვირტუალურ სივრცეში. აბსოლუტურად ყველა ბლოგერს მიეცა საშუალება თავისი აზრი გამოეთქვა, აგრეთვე დაესვა კითხვები, მიეღო პასუხები, გარკვეულიყო მისთვის საინტერესო საკითხში. პერიოდულად გვქონდა lunch-break-ები და დასვენება-გართობისთვის განკუთვნილი დრო. 16 სექტემბერს დრო დაეთმო ბლოგერთა პრეზენტაციებს. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო ლიტერატორის ქეისი, რომელიც უშუალოდ ვირტუალურ სივრცეში ფილმების pr-ს ეხებოდა.

16-შივე საღამოს 7 საათზე კინოფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართა. რა თქმა უნდა 1 საათი მოხმარდა სტუმართა შეგროვებას, სურათების გადაღებასა და ერთმანეთის მოკითხვას. აქ თქვენ ნახავდით რეჟისორებს, მსახიობებს, სცენარისტებს.

ტრადიციულად წელსაც გაიმართება კონკურსები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
საუკეთესო მხატვრული ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: ელდარ შენგელაია
წევრები: რიჩარდ ბრილსკი, გიორგი პალფი, სერგეი ლავრენტიევი, ნიკ ჰოლდსოურთი.
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: რადოსლავ პივოვარსკი
წევრები: სერგეი ბულოვსკი, გულენ გუნერი, ნინო ორჯონიკიძე, ფარდინ ზამანი.
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ჟიურის თავმჯდომარე: სიტორა ალიევა
წევრები: დათო ჯანელიძე, მიხაილ კლიმკიევიჩი, ქშიშტოფ კოპჩინსკი.

გულითადი მისალმების შემდეგ BIAFF-ის სპეციალური პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ცნობილ ქართველ რეჟისორ – ელდარ შენგელაიას და ნური ბილგე ჩეილანs.

8 საათზე გაიმართა “Battle of Warsaw 1920”-ს ჩვენება. ფილმი არ არის იყო ბიაფფ-ის პროგრამით გათვალისწინებული, მან უბრალოდ ფესტივალი გახსნა და ამით ფაქტიურად პატივი მიაგეს პოლონელ რეჟისორ იერჟი ჰოფმანს. გთავაზობთ ფილმის ტრეილერს.

ფილმის სიუჟეტი 1920 წლის პოლონეთში ვითარდება, როდესაც რუსეთი ცდილობდა მის დაპყრობას. ამის გამო პოლონეთი საშინელ მდგომარეობაში იყო. ფილმს ლეიტმოტივად გასდევს ცოლ-ქმრის არცთუ ისე სიხარულით აღსავსე ქორწინება, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ბანალური დასასრულით.

მე პირადად ფილმი არ მომეწონა. თავი დავანებოთ იმას, რომ საშინლად არ მიყვარს საომარ-ისტორიული ფილმები და არ ძალმიძს ჩავწვდე იმ შინაარსს, რასაც ომი ეწოდება. ამის გამო ბევრი საომარი ფილმი უბრალოდ დავაიგნორე. თუმცა ჩემს მიერ ნანახ ფილმებს რომ გადავხედო, მაინც შედის რამდენიმე მსგავსი ფილმი და ახლა შედარება რომ გავაკეთო, მათთან შედარებით “Battle of Warsaw 1920”-მა საერთოდ არ გამოიწვია ჩემგან მოწონება.

საღამო სასიამოვნოდ გაგრძელდა სასტუმრო “World Palace”-ში. უგემრიელესი ალა-ფურშეტითა და Susanna Berivan-ის სასიამოვნო სიმღერებით.  განვიხილეთ გახსნის ცერემონიალი და ყველანი ნასიამოვნები დავრჩით.

მზადება კინოფესტივალისთვის

ალბათ გაგიკვირდებათ და ამასთანავე გაგიხარდებათ, თუ ვიტყვი, რომ წელს ბათუმში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებული იქნება. აგერ უკვე მე-7 წელია იმართება ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (Batumi International Art-house Film Festival  – BIAFF), რომელსაც მე პირველად დავესწრები ბლოგერის ამპლუაში.

თვით ფესტივალი დაარსდა 2006 წელს და მას შემდეგ არაერთი საავტორო კინოს მასპინძელი ყოფილა.
2006 წელს – 35 ფილმი 22 ქვეყნიდან.
2007 წელს – 40 ფილმი 18 ქვეყნიდან.
2008 წელს – 50 ფილმი 20 ქვეყნიდან.
2009 წელს – 52 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 35 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 21 ქვეყნიდან.
2010 წელს – 45 სრულმეტრაჟიანი ფილმით მთავარ სექციაში და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმით ახალგაზრდა კინემატოგრაფთა კონკურსის სექციაში 22 ქვეყნიდან.
2012 წელს კი წარმოდგენილი იქნება 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში 20-22 ქვეყნიდან.

კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვნების სახლი „არგანი“, ოფიციალური პარტნიორი – ქალაქ ბათუმის მერია. იგი ყოველწლიური ღონისძიებაა და ტარდება სექტემბრის მეორე ნახევარში. ფესტივალის ძირითადი ინტერესის სფეროს საავტორო ფილმი წარმოადგენს.

გაგაცნობთ წლევანდელი ჟიურის წევრებს. მაშ ასე:

თავჯდომარე  – ელდარ შენგელაია (Eldar Shengelaia), საქართველო.
წევრი – სერგეი ლავრენტიევი (Sergey Lavrentiev), რუსეთი.
წევრი – ნიკ ჰოლდსვორთი (Nick Holdsworth), დიდი ბრიტანეთი
წევრი – ჯიორჯი პალფი (Gyorgy Palfi) უნგრეთი
წევრი – რაცარდ ბრილსკი (Ryszard Brylski), პოლონეთი

სიმართლე რომ გითხრათ, დამოუკიდებელ ფილმებთან ცოტათი ფრთხილად ვარ ხოლმე. განსხვავებულნი, სპეციფიურნი და უფრო მეტად საინტერესონი არიან. ახლა, როდესაც მეძლევა შანსი, რომ ვნახო ახალი და საინტერესო ფილმები, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

გთავაზობთ იმ რამდენიმე ფილმთა ტრეილერს, რომლებიც იქნება ფესტივალზე წარმოდგენილი:

1) House on Bashenky – უკრაინა

2) In Darkness – პოლონეთი

3) The Last Step – ირანი

4) Chicken with Plums – საფრანგეთი/ბელგია/გერმანია

5) Almost Man – ნორვეგია

6) Broken – UK (მაპატიეთ მიკერძოება, ყველაზე მეტად ამას ველოდები)

მოკლედ, მალე დარბაზი გაივსება, ფესტივალი დაიწყება!