არ მიყვარს მაისი. დიდად არასოდეს მყვარებია და ბოლო რამდენიმე წელი – მითუმეტეს. სულ დაძაბული ვარ, შებოჭილი და ერთი სული მაქვს, როდის გავა. ყველაფერ ცუდს მაისში ველოდები. ეს უკვე ჩამოყალიბებულ იდეაფიქსად მაქვს ქცეული. აი ახლაც კი, როდესაც თვის დასრულებამდე სულ რაღაც 2 კინკილა დღეა დარჩენილი, უცნაური შეგრძნება არ მტოვებს.
მაისი მთლიანად მამაჩემის თვეა. 17 მაისი მისი გარდაცვალების დღეა, 31-ში კი – დაბადების. დაბადების დღის თარიღამდე ზუსტად 14 დღით ანუ 2 კვირით ადრე გარდაიცვალა. წლევანდელ 17 მაისს კი მისი გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წელი გავიდა. შეგრძნება ისევ რაღაცნაირია. ენით რომ ვერ აღიწერება და თითებით რომ ვერ დაიწერება. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ვინმესთან საუბარი. მათ შორის არც ოჯახის წევრებთან. ეს იმდენად პირადია, რომ ალბათ ყველა ასე იქნებოდა.
ვიხსენებ ძალიან ბევრ ნათელ მომენტს მამაჩემის ცხოვრებიდან. მისი თამაშის პერიოდი მე აბა საიდან მემახსოვსოვრება?! ეს ჩემამდე კიარადა, ზოგადად დაქორწინებამდე იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ მას ოდესღაც რაღაც კარგი გაუკეთებია ქართული სპორტისთვის, მე მახარებს და სიამაყით მავსებს. პლუს, ნაკრების მთავარი მწვრთნელობა არც ისე ადვილია. მახსენდება ცივ ამინდში კუს ტბაზე არბენები. უფრო სწორად, ჩვენ რა გვიჭირდა, ხელბურთელები უნდა გენახათ 😀 მოკლე შორტებში ცივ ამინდში რომ არბოდნენ მთელი კუს ტბის ტრასას. ჩვენ (მე, ჩემი და და მამაჩემი) მანქანით ვადევნებდით თვალყურს. პერიოდულად ვჩერდებოდით, გვენახა არიქა და ვინმე ხომ არ ისვენებს და ზარმაცობსო. დიახ, აი ეს ის თაობაა, ახლა რომ უკვე შეიძლება აღარც კი თამაშობენ – 90-იანი წლების ხელბურთელები. ახლა უკვე 40-45-ს მიტანებულები იქნებიან სავარაუდოდ და ალბათ ყველამ თავისი გზა იპოვა. ზოგი ალბათ ისევ ხელბურთშია, ზოგი – სხვაგან. ამ მხრივ ჩემს დას უფრო მეტი აქვს გასახსენებელი – მამაჩემს საზღვარგარეთ დაყვებოდა თამაშებზე. მე მაშინ პატარა ვიყავი, 1997 წელს შევსრულდი მხოლოდ 10 წლისა. მახსოვს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ნორვეგიის ქალაქ ლილიჰამერში 1994 წელს, სადაც მამაჩემიც იყო და ჩვენ სამნი ტელევიზორში შემძვრალნი ვუყურებდით, რომ კამერებისთვის ხელი დაექნია და ჩვენ ტელევიზორში გვენახა. აი აგერ მწირი ინფორმაცია ზ/ა ოლიმპიური თამაშების შესახებ, საქართველოც რომ არის ჩამონათვალში. მახსოვს სტუ-ს (ჩვენ ყველა რომ “გეპეი”-ს ვეძახით) პირველი სართულის დარბაზი, სადაც ბიჭების ვარჯიშები ტარდებოდა. და ჩემი ერთადერთი გასართობი მხოლოდ წებოვანი პატარა ბურთები იყო. პატარა იმიტომ, რომ ხელბურთის ბურთი ფეხბურთის ბურთთან შედარებით პატარაა და წებოვანი იმიტომ, რომ სპეციალურად ისვამდნენ თითებზე რაღაც მაზს, რომელიც ბურთს თითებზე მყარად ამაგრებდა.
Continue reading →
Like this:
Like Loading...