Biaff: მოწყვეტილი ვარსკვლავი თუ სექსი გადარჩენისთვის

მეფეებზე ფიქრისას, სულ ის მახსენდება – ტახტზე როგორ დიდებულად სხედან და ბრძანებებს გასცემენ. ბალ-მასკარადებისა და ლამაზი კაბების ორომტრიალში კი იმდენი ინტრიგა იხლართება. წარმოიდგინეთ სასახლე, სადაც არანაირი გართობა-მასკარადი არ იმართება და სამეფო კარის ცხოვრება საკმაოდ დუნედ მიმდინარეობს. სწორედ ამის ჩვენება გადაწყვიტა ესპანელმა რეჟისორმა ლუის მინარომ (Luis Miñarro).

ფილმის მთავარი მოქმედი პერსონაჟი იტალიიდან ესპანეთში დაბრუნებული ამადეოა, რომელიც არის ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე. გამეფების შემდეგ მის ცხოვრებაში არაფერი იცვლება. ის არ წარმოადგენს ესპანელი ხალხისთვის მნიშვნელოვან ფიგურას. მეტიც, მას პატივს არავინ სცემს. მომსახურე პერსონალი მასთან მეგობრობს ისე, თითქოს არანაირი ბარიერი არ არსებობდეს. რომელიღაც პერსონალმა წერა-კითხვა არ იცის, სამაგიეროდ ის იდეალურია სექსისთვის. რომელიღაც პერსონალი გადის სასახლის ბაღში და მასტურბირებს ნესვის თუ საზამთროს საშუალებით, შემდეგ კი ამ საზამთროს მეფეს მიართმევს სუფრასთან.

სექსი ვახსენე და დავსძენ იმას, რომ იგი სამეფო კარში მცხოვრები ადამიანების ერთადერთი გართობისა და თავშექცევის საშუალებაა. სიტუაცია ოდნავ იცვლება, როდესაც ესპანეთში ამადეოს მეუღლე – მარია ვიქტორია ჩამოდის. თუმცა დედოფალი დიდხანს ვერ ძლებს გარემოში, სადაც მის მეუღლეს ფასი და წონა არ გააჩნია.

ესპანელი ხალხი კი სისხლიანი მეთოდებით ცდილობს მეფის ჩამოშორებას, რომელსაც კინაღამ ეწირება.

Advertisements